სლოვაკეთის პრემიერმინისტრი რობერტ ფიცო მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად მოულოდნელად ჩავიდა. ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნის პრემიერმინისტრი ფიცო რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან პუტინთან შესახვედრად მოსკოვში ჩადის.
ფიცომ, რომელიც კრიტიკულადაა განწყობილი კიევისთვის ევროკავშირის მიერ სამხედრო დახმარების მიწოდების მიმართ, შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პუტინთან სლოვაკეთში რუსული გაზის იმპორტი განიხილა. სლოვაკეთი მეტწილად სწორედ რუსულ ბუნებრივ აირზეა დამოკიდებული.
შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც რუსული კომპანია Gazprom სლოვაკეთს უკრაინის გავლით ბუნებრივ აირს მიაწვდის, ვადა წლის ბოლომდე გასდის.
"ევროკავშირის წამყვან ოფიციალურ პირებს ჩემს ვიზიტსა და [ვიზიტის] მიზანზე ინფორმაცია ჰქონდათ". - წერს ფიცო სოციალურ ქსელში.
ფიცომ ასევე განაცხადა, რომ მოსკოვში გამართული შეხვედრა რეაქცია იყო უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ევროკავშირის ლიდერების მიმართ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ უკრაინა მისი ტერიტორიის გავლით რუსული გაზის ევროკავშირისთვის მიწოდებას ეწინააღმდეგება.
"ჩემი შეხვედრა რეაქცია იყო უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე, რომელმაც ხუთშაბათს ჩემს პირად შეკითხვას უპასუხა და თქვა, რომ იგი უკრაინის გავლით ჩვენს ტერიტორიაზე [რუსული] გაზის ტრანზიტის წინააღმდეგია" - წერს ფიცო Facebook-ზე.
შეხვედრის შემდეგ პრემიერმინისტრმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ევროპის გაზით მომარაგების აღსადგენად მზად არის.
ფიცომ ასევე თქვა, რომ ამ ეტაპზე ევროპაში რუსული გაზის იმპორტს "უკრაინის პრეზიდენტის პოზიცია" უშლის ხელს. გასულ კვირას ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინის გავლით ევროპაში გაზი აღარ შევა.
"ასეთი დამოკიდებულება ფინანსურად აზარალებს სლოვაკეთს და დარტყმის ქვეშ აყენებს ატომურ სადგურებზე ელექტროენერგიის წარმოებას". – თქვა სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა.
19 დეკემბერს, ევროკავშირის სამიტზე ფიცომ განაცხადა, რომ უკრაინის მიერ რუსული გაზის ტრანსპორტირებაზე უარის თქმის გამო სლოვაკეთმა შესაძლოა 525 მილიონი ევრო დაკარგოს.
ფიცოს განცხადებას ზელენსკიმ ამ სიტყვებით უპასუხა:
"ჩვენ ბევრად მეტს ვკარგავთ. ცოტათი უხერხულია ფულზე საუბარი, იმიტომ, რომ ჩვენ ვკარგავთ ადამიანებს".
ფიცოს Facebook-პოსტში ასევე აღნიშნულია, რომ მას პუტინთან "ხანგრძლივი საუბარი" ჰქონდა და ლიდერებმა "უკრაინაში მიმდინარე სამხედრო სიტუაციაზე მოსაზრებები გაცვალეს".
"[პუტინთან ვისაუბრე] ომის ადრე და მშვიდობიანად დასრულების შესაძლებლობებზეც და სლოვაკეთსა და რუსეთს შორის ორმხრივ ურთიერთობებზე, რომელთა სტანდარტიზება ჩემი მიზანია". - განაცხადა ფიცომ.
სლოვაკეთთან ერთად უნგრეთიც, რომელიც ასევე დამოკიდებულია რუსულ გაზზე, შეშფოთებას გამოთქვამს მიწოდების შესაძლო შეწყვეტის გამო.





