საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი, ეუთოს წევრი 38 სახელმწიფოს მიერ საქართველოს მიმართ ვენის მექანიზმის ამოქმედების შესახებ წერს, რომ საქართველომ ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ შეშფოთებებს უნდა უპასუხოს.
ამის შესახებ ფიშერი X-ზე წერს.
"საერთაშორისო სამართლით, საქართველომ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ შეშფოთებებს უნდა უპასუხოს. ეს საკითხები წარმოადგენს ყველა სახელმწიფოსთვის ლეგიტიმურ საზრუნავს და არა მხოლოდ შიდა საქმეებს. ეუთოში ჩვენ ვთანხმდებით: უსაფრთხოება შეუძლებელია ადამიანის უფლებების პატივისცემისა და მოქმედი დემოკრატიული ინსტიტუტების გარეშე". - წერს ფიშერი.
20 დეკემბერს ეუთოს 38-მა სახელმწიფომ საქართველოს მიმართ ვენის მექანიზმი აამოქმედა. ვენის მექანიზმი ადამიანის უფლებების კუთხით ინფორმაციისა და კითხვების გაცვლის საშუალებას იძლევა.





