ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

კარდინი: ბაიდენმა პასუხი უნდა აგებინოს მათ, ვინც ამ ძალადობრივი რეპრესიების უკან დგას

ამერიკელი სენატორი, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბენ კარდინი ქართული ოცნების მიერ მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევას ეხმაურება და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობს.

კარდინის თქმით, ანტი-ამერიკული პროვოკატორის, მიხეილ ყაველაშვილის შერჩევით ქართულმა ოცნებამ საკუთარი რეალური ბუნება კიდევ ერთხელ გამოავლინა.

"ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთხელ გამოავლინა საკუთარი რეალური ბუნება სახელგანთქმული ანტი-ამერიკული პროვოკატორის, მიხეილ ყაველაშვილის შერჩევ. ის საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაში ცენტრალური ფიგურაა, მათ შორის, მისი როლით რუსული სტილის უცხოელი აგენტების კანონის თანაავტორობაში". - აღნიშნავს კარდინი.

ამასთან, კარდინი საპროტესტო აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობს და უსაფუძვლოდ დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას მოითხოვს.

"როდესაც ქართველი ხალხი შაბათს მასობრივად შეიკრიბა ანტიდემოკრატიული ფიგურის გასაპროტესტებლად, უსაფრთხოების ძალები მათ წამებითა და სისასტიკით დაუპირისპირდნენ. ოცნებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ძალადობრივი თავდასხმა უდანაშაულო მოქალაქეებზე და გაათავისუფლოს ყველა დაკავებული მომიტინგე, მათ შორის, არასრულწლოვანები, რომლებიც ციხეში არიან". - წერს კარდინი.

ამავდროულად, კარდინის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტმა, ჰო ბაიდენმა ძალადობრივი რეპრესიების უკან მდგომ პირებს პასუხი უნდა აგებინოს და მათ სანქციები დაუწესოს.

"პრეზიდენტმა ბაიდენმა პასუხი უნდა აგებინოს მათ, ვინც ამ ძალადობრივი რეპრესიების უკან დგას, მათ შორის, დააწესოს გლობალური მაგნიტსკის სანქციები. ახლა არის მომენტი, როდესაც აშშ და ჩვენი მოკავშირეები მტკიცედ უნდა დადგნენ ქართველი ხალხის გვერდით დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ მიმავალ გზაზე". - ამბობს კარდინი.

კომენტარები