რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა ეხმაურება ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრს, ხავიერ ბეტელს, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ის არ ემხრობა საქართველოს დასჯას არჩევნების შედეგების გამო, რადგან საჭიროა მასთან დაკავშირებით ჯერ საფუძვლიანი გამოძიების ჩატარება.
"და ზოგიერთი ქვეყნის [დასჯა] შეიძლება? ნუთუ არჩევნების შედეგების გამო სჯიან ან აჯილდოვებენ? გამაოგნებელია მსგავსი განხილვები XXI საუკუნეში, მითუმეტეს, "განვითარებული დემოკრატიისგან" – წერს ზახაროვა საკუთარ Telelgram არხზე.
ცნობისთვის, ხავიერ ბეტელმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან თქვა, რომ ევროკავშირმა უნდა დასაჯოს ხელისუფლება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის გამო.
"თუ ვიტყვით, რომ უნდა დავაწესოთ სანქციები არჩევნების გამო, მე უნდა მოვისმინო, იყო თუ არა გაყალბება. არჩევნებზე ასობით დამკვირვებელი იყო და ჩემთვის მნიშვნელოვანია ვიცოდე, გაყალბდა თუ არა შედეგები. ჩვენ თუ არ მოგვწონს შედეგი, არ ნიშნავს, რომ უნდა სასჯელი გამოვიყენოთ, თუმცა ხელისუფლების ქცევა მიუღებელია. დემონსტრანტების ასე ძალადობრივად დასჯა, სწორედ ეს არის მიუღებელია და ამისთვის პასუხისმგებლები უნდა დავსაჯოთ" – თქვა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა.





