თბილისის მერია

ქონების მართვის სააგენტოს უფროსი გადადგა - მერიაში ფაქტს უარყოფდნენ

თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა, მარიამ კვერნაძემ თანამდებობა დატოვა. კვერნაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მიზეზი "ოჯახური მდგომარეობაა". 

"მეგობრებო, სამწუხაროდ, მომიწია თანამდებობის დატოვება პირადი მიზეზით,  რომელიც გამომდინარეობს ჩემივე ოჯახური მგომარეობიდან და რომელიც არ იყო ცნობილი მაშინ, როდესაც ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ვინიშნებოდი. აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ ამ გადაწყვეტილებას არანაირი კავშირი  არ აქვს არც მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან და არც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირების რაიმე გადაწყვეტილებასთან ან მითითებასთან.

მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის მერს გამოცხადებული ნდობისთვის და წლების განმავლობაში ნაყოფიერი საქმიანობისთვის.  უზომოდ მადლიერი ვარ ჩემი თითოეული თანამშრომლის და წარმატებებს ვუსურვებ მათ. გთხოვთ, ნუ მოახდენთ ჩემი პირადი გადაწყვეტილების პოლიტიზირებას და ნუ გამოიყენებთ პოლიტიკური მიზნებისთვის", - წერს კვერნაძე

მანამდე კვერნაძის გადადგომის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ირაკლი აბესაძემ. აღნიშნული ინფორმაცია თბილისის მერიამ არ დაადასტურა. 

"არ ვადასტურებთ გავრცელებულ ინფორმაციას. ყველა სამთავრობო ცვლილებაზე მერი თავად აკეთებს განცხადებას. თუ რამე ცვლილება გვექნება, აუცილებლად გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის" - უთხრეს დღეს IPN-ს მერიაში. 

კომენტარები