საქართველოს პარლამენტი აპირებს ახალი საკანონმდებლო პროექტის მიღებას, რომელიც ითვალისწინებს "პოლიციის შესახებ" კანონში ცვლილებას. ახალი საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს პოლიციაში დასაქმების წესების შეცვლას, რაც მინისტრს შესაძლებლობას მისცემს, კონკურსის გარეშე დანიშნოს თანამშრომლები.
კანონპროექტის მიხედვით, მინისტრი საკუთარი ბრძანებით განსაზღვრავს კონკურსის გარეშე მიღების წესებსა და პირობებს, რაც კანონმდებლობაში არსებულ სტანდარტულ შერჩევით პროცესს სრულად არ ჩაანაცვლებს, არამედ გამონაკლის შემთხვევებს მოიცავს.
'2025 წლის 1-ელი იანვრიდან სამხედრო სამსახური მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში იარსებებს. შესაბამისად, გასამხედროებული დანაყოფების საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, საჭიროა, პოლიციაში სამსახურის მიღების გარკვეული წესები მოდიფიცირდეს და პოლიციაში არსებულ პოზიციებზე მათი სპეციფიკის გათვალისწინებით, მიღების განსხვავებული წესები დადგინდეს“ – საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
პარლამენტს ცვლილებები იმ საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში წარედგინა, რომელიც პიროტექნიკის შემოტანა-რეალიზაციასთან დაკავშირებულ რეგულაციებს ეხება.