აშშ-ს ცენტრალური სარდლობის ძალებმა ცენტრალურ სირიაში ტერორისტული დაჯგუფება ე.წ. ისლამური სახელმწიფოს (ISIS) ბანაკებზე საჰაერო იერიშები მიიტანა.
როგორც ცენტრალური სარდლობის განცხადებაშია ნათქვამი, იერიშები ISIS-ის ლიდერებზე, წევრებსა და ბანაკებზე მიიტანეს მიმდინარე მისიის ფარგლებში, რომლის მიზანია უზრუნველყოფა, რომ ტერორისტული დაჯგუფება სირიაში მიმდინარე მოვლენებით ვერ ისარგებლებს და ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში ფეხს არ მოიკიდებს.
იერიშების სამიზნე 75-ზე მეტი ობიექტი გახდა. ოპერაციაში მონაწილეობდა B-52-ის ტიპის ბომბდამშენი, F-15-ის ტიპის ავიაგამანადგურებელი და A-10-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები.
განცხადების მიხედვით, იკვლევენ დარტყმების შედეგებს.
ცენტრალური სარდლობა ხაზს უსვამს, რომ პარტნიორებთან ერთად ISIS-ის დასასუსტებლად ოპერაციებს "სირიაში ამ დინამიკური პერიოდის" დროსაც გააგრძელებენ.
8 დეკემბერს ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის (HTS) მეთაურობით წამოწყებული იერიშის შედეგად ასადის რეჟიმი რამდენიმე დღეში ჩამოიშალა. თურქეთის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეები რამდენიმე დღის განმავლობაში აგრძელებდნენ წარმატებულ სამხედრო ოპერაციებს.
HTS ტერორისტული დაჯგუფება ალ-კაიდას სირიული დანაყოფის, ალ-ნუსრას ფრონტის საფუძველზე შეიქმნა. დაჯგუფება საკუთარი წინამორბედისგან "რებრენდინგს" ცდილობდა. იერიშამდე HTS-ი ქალაქ იდლიბსა და ამავე რეგიონის ნაწილებს აკონტროლებდა. სამხედრო ოპერაციებში ჯიჰადისტების გარდა სეკულარული ძალებიც მონაწილეობდნენ.
თურქეთის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეები დაპირისპირებულები არიან ამბოხებულ ქურთებთან, რომლებიც სირიის ტერიტორიის ნაწილს აკონტროლებენ.