სირიის სამოქალაქო ომი

სირიელი მეამბოხეების ლიდერის თქმით, ქალაქი ჰომსი დაიკავეს

სირიელი მეამბოხეები სოფელ ანჯარაში, ალეპოს დასავლეთით, 5 დეკემბერი.
Omar Albam/AP

ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის (HTS) ლიდერმა, აჰმედ ალ-შარაამ, რომელიც წარსულში აბუ მუჰამედ ალ-გოლანის ზედმეტსახელით იყო ცნობილი, გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც ამბობს, რომ აჯანყებულებმა ქალაქი ჰომსი დაიკავეს.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ცნობები, რომელთა მიხედვითაც, მეამბოხეებმა გაათავისუფლეს ქალაქში განთავსებულ ციხეში მყოფი პოლიტპატიმრები. 

ამას გარდა, აჯანყებულთა ერთ-ერთი სამხედრო მეთაურის თქმით, 24 საათში ოთხი ქალაქის დაიკავება შეძლეს: დარაას, ელ-კუნეიტრა, სუვაიდა და ჰომსი, ახლა კი მათი სამიზნე დედაქალაქი დამასკოა. მისივე თქმით, მათი ძალები დამასკოს რეგიონში ბრძოლას განაგრძობენ.

ახალი იერიშის მთავარი მამოძრავებელი ძალა სუნიტურ ისლამისტური ჰაიათ თაჰრირ ალ-შამია (HTS - ლევანტის გათავისუფლების ორგანიზაცია), რომელსაც გარკვეულწილად თურქეთის მხარდაჭერა გააჩნია. HTS ტერორისტული დაჯგუფება ალ-კაიდას სირიული დანაყოფის, ალ-ნუსრას ფრონტის საფუძველზე შეიქმნა. დაჯგუფება საკუთარი წინამორბედისგან "რებრენდინგს" ცდილობდა. HTS-ი ქალაქ იდლიბსა და ამავე რეგიონის ნაწილებს აკონტროლებს. 

ასადისა და რუსეთის ძალების საჰაერო იერიშების მიუხედავად, აჯანყებულებმა მოქმედებები გააგრძელეს. ვრცელდება ცნობები, რომ რუსული ძალები ქვეყანას ნელ-ნელა ტოვებენ. ამბოხებულთა ოპერაციებში მონაწილეობენ როგორც ჯიჰადისტები, ისე სხვა, მეტ-ნაკლებად სეკულარული ჯგუფებიც.

კომენტარები