ბოლო ცნობებით, სირიელი ამბოხებულები ქვეყნის დედაქალაქ დამასკოსკენ ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან მიიწევენ წინ.
ამასთანავე, ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა CBS News-თან უკვე განაცხადეს, რომ დამასკოს გარეუბნების აღება ამბოხებულებმა უკვე დაიწყეს.
პარალელურად, სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის ადმინისტრაცია უარყოფს, რომ ასადმა დედაქალაქი დამასკო დატოვა. ადმინისტრაცია გმობს "ჭორებსა და ცრუ ინფორმაციას" და ამტკიცებს, რომ ასადი საკუთარი მოვალეობის შესრულებას ქვეყნის დედაქალაქიდან განაგრძობს.
წინა კვირას დაწყებული იერიშიდან დღემდე, ამბოხებულებმა მნიშვნელოვანი ქალაქები, მათ შორის, ალეპო და ჰამა, აიღეს, და ჰომსში შედიან.
ასადის ძალებმა ტერიტორიები დაკარგეს ქვეყნის სამხრეთშიც. გამოცემა Reuters წერს, რომ სირიის სამხრეთით მდებარე დარის რეგიონში, ადგილობრივმა ძალებმა ალ-ჰარაკის დასახლებასთან მდებარე ერთ-ერთი სამხედრო ბაზა დაიკავეს.
ამასთან, საინფორმაციო სააგენტო AFP ადამიანის უფლებების სირიული ობსერვატორიის ხელმძღვანელზე, რამი აბდელ რაჰმანზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ადგილობრივმა შეიარაღებულმა ჯგუფებმა იორდანიის საზღვარზე ნასიბის სასაზღვრო გამშვები პუნქტი დაიკავეს.
ხოლო ღია წყაროების მიხედვით, ასადის რეჟიმმა სამხრეთით სხვა დასახლებებიც დაკარგა.
ახალი იერიშის მთავარი მამოძრავებელი ძალა სუნიტურ ისლამისტური ჰაიათ თაჰრირ ალ-შამია (HTS - ლევანტის გათავისუფლების ორგანიზაცია), რომელსაც გარკვეულწილად თურქეთის მხარდაჭერა გააჩნია. HTS ტერორისტული დაჯგუფება ალ-კაიდას სირიული დანაყოფის, ალ-ნუსრას ფრონტის საფუძველზე შეიქმნა. დაჯგუფება საკუთარი წინამორბედისგან "რებრენდინგს" ცდილობდა. HTS-ი ქალაქ იდლიბსა და ამავე რეგიონის ნაწილებს აკონტროლებს.
ასადისა და რუსეთის ძალების საჰაერო იერიშების მიუხედავად, აჯანყებულები მოქმედებებს განაგრძობენ. ამბოხებულთა ოპერაციებში მონაწილეობენ როგორც ჯიჰადისტები, ისე სხვა, მეტ-ნაკლებად სეკულარული ჯგუფებიც.