ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

რა ინფორმაცია გვაქვს პოლიციის მიერ აქციებზე დაკავებულ და ნაცემ მოქალაქეებზე?

სპეცრაზმი არბევს მშვიდობიან დემონსტრანტებს, 30 ნოემბერი, 2024

საქართველოში 28 ნოემბრიდან მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება. ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეები ივანიშვილის რეჟიმის მიერ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას აპროტესტებენ. პოლიცია განაგრძობს აქციის მონაწილეთა ცემასა და სისხლის სამართლის თუ ადმინისტრაციული წესით დაკავებას. 

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, 28 ნოემბრიდან დღემდე, 6 დეკემბრამდე ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 340-მდე პირი. ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით კი, ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა რიცხვი 350-ს აჭარბებს. მოსამართლეები დაკავებულ პირებს სასჯელის სახით 2000-დან 3000 ლარამდე ოდენობის ჯარიმას აკისრებენ. რიგ შემთხვევებში, დაკავებულებს ეფარდებათ ადმინისტრაციული პატიმრობა 4-დან 14 დღემდე ვადით.

28 ნოემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით, ბოლო მონაცემებით, სისხლის სამართლის წესით დაკავებულია 26 პირი. მათთვის წაყენებულ ბრალდებებში ფიგურირებს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა, ძალადობრივი ქმედებისკენ საჯარო მოწოდება, აფეთქების მომზადება, პოლიციაზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანება. მათ წინააღმდეგ საქმეები სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე, 239-ე პრიმა, 187-ე, 353-ე პრიმა ან 18-229-ე პრიმა მუხლებითაა აღძრული. აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის ვადა 4-დან 9 წლამდეა. 

დაკავებულთა ასაკი 15-დან 60 წლამდეა

ამასთან, პოლიცია აქციის მონაწილეებს ფიზიკურად სასტიკად უსწორდება. საერთაშორისო გამჭვირვალობის ცნობით, დღევანდელი მონაცემებით, ნაცემია და წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა 400-მდე ადამიანი. მათგან 80-ზე მეტს, ორგანიზაციის ცნობითვე, დასჭირდა ჰოსპიტალური მკურნალობა

სახალხო დამცველის წარმომადგენლების მიერ 28 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით წინასწარი დაკავების იზოლატორებსა და კლინიკებში მონახულებულ 268 პირიდან პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა 191, ხოლო ხილული ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა 138 პირს. 

რაც შეეხება სასამართლოს და დაკავებულთა წინააღმდეგ აღძრული საქმეების განხილვის პროცესს, ორგანიზაციის ცნობით, მოსამართლეები გადაწყვეტილებებს მხოლოდ პოლიციელთა ჩვენების საფუძველზე იღებენ და არ ითვალისწინებენ ბრალდებულთა დაცვის მხარის მტკიცებულებებს. მოსამართლეები ასევე არ აძლევენ დაკავებულებს საშუალებას, უამბონ სასამართლოს პოლიციის ან სპეცრაზმის მხრიდან ცემისა და წამების შესახებ. როგორც TI წერს, "მოსამართლეები ამბობენ, რომ ეს მათ არ ეხებათ". 

აქციის მონაწილეების სასტიკად ცემისა და წამების ფაქტებზე დასჯილი პოლიციელების რიცხვი არის 0. 


საქართველოში, ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები მიმდინარეობს - ივანიშვილის რეჟიმმა ევროინტეგრაციის პროცესი ოფიციალურად შეაჩერა.

ევროკავშირს რუსული კანონის მიღების შემდეგ თავად ჰქონდა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებული და გაწევრიანების გზაზე დასაბრუნებლად რუსული კანონების გაუქმებას მოითხოვდა. 

ივანიშვილის პრემიერმინისტრმა 28 ნოემბერს თქვა, რომ აჩერებს გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე. 

ამ განცხადების შემდეგ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიურ კორპუსთან საგანგებო შეხვედრა დანიშნა

ამასთან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თვითორგანიზებული მოქალაქეების პროტესტის კერები გაჩნდა, დედაქალაქში მოქალაქეთა ნაწილი ქართული ოცნების ოფისთან შეიკრიბა. 

ოპოზიცია რეჟიმის გადაწყვეტილებას ღალატად აფასებს

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიურ კორპუსთან და ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, პოლიციას და ჯარს მიმართა

შემდგომ, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ზურაბიშვილი მივიდა და სპეცრაზმის წარმომადგენლებს მიმართა

პოლიცია საპროტესტო აქციის მონაწილეების, მათ შორის, ჟურნალისტების წინააღმდეგ არაპროპორციულ ძალას იყენებს. სპეცრაზმმა ძალადობრივად შლის დემონსტრანტებს. დაშავებულია არაერთი ადამიანი, მათ შორის, ჟურნალისტები. დააკავეს ასეულობით მომიტინგე. 

საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა და მოუწოდა როგორც ხელისუფლებასა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს, ისე მომიტინგეებს, "თავი შეიკავოთ აგრესიული და შეურაცხმყოფელი ქმედებისაგან, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებისაგან. განსხვავებული აზრისა და შეხედულების გამო ნუ დავაზარალებთ ურთიერთს და შევძლოთ, ჩვენი პოზიცია გაცილებით ცივილური ფორმით გამოვხატოთ".

რუსთაველზე მრავალრიცხოვანი აქცია 28 ნოემბრიდან იმართება. დემონსტრაციები მიმდინარეობს ახლაც - თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. პარალელურად, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების თანამშრომლების ნაწილი განცხადებით ემიჯნება ხელისუფლების გადაწყვეტილებას.

ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების და აქციების დარბევის ფონზე, აშშ-მ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა და მიზეზად ქართული ოცნების არადემოკრატიული ნაბიჯები დაასახელა. 

კომენტარები