სირიის სამოქალაქო ომი

ცნობების მიხედვით, აშშ-ს თვითმფრინავებმა სირიაში შემავალ ერაყულ კოლონაზე იერიში მიიტანეს

აშშ-ს საჰაერო ძალების A-10 Thunderbolt II ცენტრალური სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში, 2020 წლის 17 იანვარი.  
Staff Sgt. Daniel Snider

უკვე მეორე დღეა რაც ღია წყაროების ანალიტიკოსები წერენ, რომ აშშ-ს A-10 Warthog-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავმა სირიაში კოლონებად შემევალ ირანის მიერ მხარდაჭერილ ერაყულ დაჯგუფებებზე იერიში მიიტანა.

ცნობების მიხედვით, დაიღუპა, სულ მცირე, ფორმირებების 50 წევრი. შემთხვევა დეირ ელ-ზორის რეგიონში, აღმოსავლეთ სირიაში მოხდა. ამას გარდა, ცნობების მიხედვით, კოალიციის ძალების თვითმფრინავებმა იერიში მიიტანეს ქალაქ მაიადინთან მდებარე ირანულ ინფრასტრუქტურასთან და გაანადგურეს სამეთაურო ცენტრები და ყაზარმები. 

3 დეკემბერს გავრცელდა ვიდეოებიც, რომლებშიც აშშ-ს A-10-ის ტიპის თვითმფრინავები ჩანს.

სამხედრო ანალიტიკოსების ვარაუდით, აშშ-მ იერიშები ქურთული სირიის დემოკრატიული ძალების (SDF) მხარდასაჭერად მიიტანა. SDF-მა, თურქეთის მიერ მხარდაჭერილი აჯანყებულების წარმატებების პარალელურად, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ დაწინაურება დაიწყო. SDF-ის მთავარი რეგიონული მოწინააღმდეგე თურქეთია.

ახალი იერიშის მთავარი მამოძრავებელი ძალა სუნიტურ ისლამისტური ჰაიათ თაჰრირ ალ-შამია (HTS - ლევანტის გათავისუფლების ორგანიზაცია), რომელსაც გარკვეულწილად თურქეთის მხარდაჭერა გააჩნია. HTS ტერორისტული დაჯგუფება ალ-კაიდას სირიული დანაყოფის, ალ-ნუსრას ფრონტის საფუძველზე შეიქმნა. დაჯგუფება საკუთარი წინამორბედისგან "რებრენდინგს" ცდილობდა. HTS-ი ქალაქ იდლიბსა და ამავე რეგიონის ნაწილებს აკონტროლებს. 

ასადისა და რუსეთის ძალების საჰაერო იერიშების მიუხედავად, აჯანყებულები მოქმედებებს განაგრძობენ. ამბოხებულთა ოპერაციებში მონაწილეობენ როგორც ჯიჰადისტები, ისე სხვა, მეტ-ნაკლებად სეკულარული ჯგუფებიც.

კომენტარები