ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

როგორ გამოვიდეს საქართველო კრიზისიდან? - რასა იუკნევიჩიანეს გეგმა

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე X-ზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საქართველოს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალზე საუბრობს.

იუკნევიჩიანე მიიჩნევს, რომ კრიზისიდან გამოსასვლელად, საქართველოს ხელისუფლებამ პოლიციისა და სპეცრაზმის მხრიდან ძალადობა უნდა შეაჩეროს, პრემიერი ირაკლი კობახიძე, შსს-ს მინისტრი ვახტანგ გომელაური და მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უნდა გადადგნენ.

ამასთან, ევროპარლამენტარი წერს, რომ ჟურნალისტების, ოპოზიციის წარმომადგენლებისა და აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობაზე EU-ს ხელმძღვანელობით საერთაშორისო გამოძიება უნდა ჩატარდეს. მისივე თქმით, საჭიროა ხელახალი არჩევნების დანიშვნა და დროებითი ტექნიკური მთავრობის ფორმირება, ამ პროცესს კი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაუძღვება. 

"მე მყარად ვდგავარ პროევროპელი ქართველებისა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გვერდით მათ ბრძოლაში დემოკრატიისთვის. წარმოგიდგენთ ჩემს შეთავაზებებს ამ კრიზისიდან გამოსვლასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს ლიდერების, კობახიძისა და ივანიშვილის მიერ მისი ევროპული გზის ღალატმა გამოიწვია". - წერს იუკნევიჩიანე X-ზე. 

წარმოგიდგენთ სრულ განცხადებას:

როგორც ევროპული ღირებულებების ჭეშმარიტი მორწმუნე და დემოკრატიული საქართველოს მეგობარი, არ შემიძლია, უბრალოდ მდუმარედ ვუყურებდე იმას, რაც ახლა საქართველოში ხდება.

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და ბიძინა ივანიშვილმა, ერთადერთმა ოლიგარქმა საქართველოში, რომელმაც საქართველოს სახელმწიფოს ხელში ჩაგდება მოახერხა, ქვეყანაში ღრმა პოლიტიკური კრიზისი შექმნეს. კრიზისი შეიქმნა, რადგან ორივე მათგანმა  კონსტიტუციაში ჩაწერილ საქართველოს ევროპულ გზას უღალატა და აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენებას ლეგიტიმაიცია გაუწია. ეს ყველაფერი ან მიზანმიმართულად ან სიდებილის გამო კეთდება.

კრემლი ბედნიერია.

ყველა პასუხისმგებელმა ქართველმა - მათაც კი, ვინც მმართველ პარტიაში, "ქართულ ოცნებაში" არიან, ოპოზიციამ, სამოქალაქო საზოგადოებამ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა - და დემოკრატიული ევროპული საქართველოს მეგობრების საერთაშორისო საზოგადოებამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ მოლაპარაკებები კრიზისიდან პოლიტიკური გამოსავლის შესახებ.

პირველი ნაბიჯები უნდა იყოს:

საქართველოს ხელისუფლების დაუყოვნებლივი გადაწყვეტილება, რომ პოლიცია და სპეცრაზმის ძალადობა შეჩერდეს;

პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის დაუყოვნებლივი გადადგომა;

ეროვნული ერთობის დროებითი ტექნოკრატიული მთავრობის ჩამოყალიბება, ამ პროცესს კი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უნდა გაუძღვეს;

ევროკავშირის ხელმძღვანელობით ჟურნალისტების, ოპოზიციის წარმომდგენლებისა და აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სისასტიკის დანაშაულების საერთაშორისო გამოძიება;

EU-სა და ტრანსატლანტიკური პარტნიორების მხრიდან მყისიერი ინდივიდუალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, ვახტანგ გომელაურისა და მათ წინააღმდეგ, ვინც სისასტიკის დანაშაულებზე პოლიტიკურად არის პასუხისმგებელი;

ქართული პოლიტიკური პარტიების შეთანხმება ახალ საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც სამ თვეში ჩატარდება და რომლის ორგანიზებაც საერთაშორისო საზოგადოებიდან დემოკრატიული პარტნიორების დახმარებით უნდა მოხდეს;

ეროვნული ერთობის მთავრობის ფორმირებისთვის პოლიტიკური მომზადება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ;

საქართველოში სახიფათო პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლისას, საერთაშორისო პარტნიორებისა და EU-ს წარმომადგენლების მხრიდან მოლაპარაკებებსა და ქართულ პოლიტიკურ ძალებს შორის და სამოქალაქო საზოგადოებაში შეთანხმების მიღწევაში დახმარება.

კომენტარები