ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

EU ქართველი ხალხის გვერდით დგას, ვგმობთ აქციის მონაწილეებზე ძალადობას – ჰერჩინსკი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერმინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე, 2024 წლის 15 აპრილი
საქართველოს მთავრობა

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ თქვა, რომ EU ქართველი ხალხის გვერდით დგას, "ესმის მისი ბრაზი" და მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენებას გმობს. 

ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა. 

"ის, რისი თქმაც მსურს ქართველი ხალხისთვის, უპირველეს ყოვლისა, არის, რომ ევროკავშირი თქვენს გვერდით დგას. ჩვენ სრულად გვესმის თქვენი ბრაზი, გვესმის თქვენი სასოწარკვეთა და გვესმის, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის სურვილს წარმოადგენს. აქამდე, ეს ასევე საქართველოს ყველა მთავრობის გამოთქმული სურვილი იყო, მათ შორის, საქართველოს წინა მთავრობისაც.

მესმის, რომ გუშინდელმა განცხადება მრავალი ადამიანისთვის მოულოდნელი და შოკისმომგვრელი იყო. როგორც მესმის, გამოსვლები ორგანიზებული არ ყოფილა, არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ დაუგეგმავს, ეს იყო ქართველი ხალხის სპონტანური რეაქცია არა მხოლოდ თბილისში, არამედ ქვეყნის გარშემო მრავალ ქალაქში.

რა თქმა უნდა, ჩვენ ვგმობთ იმას, რომ მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობა იყო გამოყენებული. ეს სრულად მიუღებელია ნებისმიერ დემოკრატიაში. ხალხს უნდა ჰქონდეს უფლება, რომ თავისი აზრი მშვიდობიანად გამოხატოს". - თქვა ჰერჩინსკიმ. 


ივანიშვილის რეჟიმმა ევროკავშირთან გაწევრიანების პროცესი შეაჩერა

ევროკავშირს რუსული კანონის მიღების შემდეგ თავად ჰქონდა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებული და გაწევრიანების გზაზე დასაბრუნებლად რუსული კანონების გაუქმებას მოითხოვდა. 

ივანიშვილის პრემიერმინისტრმა 28 ნოემბერს თქვა, რომ თავად აჩერებს გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე. 

ამ განცხადების შემდეგ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიურ კორპუსთან საგანგებო შეხვედრა დანიშნა

ამასთან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თვითორგანიზებული მოქალაქეების პროტესტის კერები გაჩნდა, დედაქალაქში მოქალაქეთა ნაწილი ქართული ოცნების ოფისთან შეიკრიბა. 

ოპოზიცია რეჟიმის გადაწყვეტილებას ღალატად აფასებს

პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეების, მათ შორის, ჟურნალისტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა.

კომენტარები