აშშ-ს ისტორია

მადლიერების დღის ისტორია - რესპუბლიკანიზმი, ამერიკული სულისკვეთება და კაპიტალიზმი

აშშ-ს ისტორია

მადლიერების დღის ისტორია - რესპუბლიკანიზმი, ამერიკული სულისკვეთება და კაპიტალიზმი

ყოველი ნოემბრის მეოთხე ხუთშაბათს ამერიკის შეერთებულ შტატებში მადლიერების დღეს აღნიშნავენ. მაშინ, როცა შემოდგომით გაყვითლებულ ხეებში დაბერილი ცივი ქარი ქვეყანას ზამთრის სიახლოვეს ახსენებს, ამერიკელი ხალხი სახლში ოჯახის წევრებისა და მეგობრების სტუმრობის მოლოდინშია.

ამ დღეს აშშ-ში, სხვა დღეებთან შედარებით, ყველაზე მეტი ადამიანი მგზავრობს, რათა მადლიერების დღის საზეიმო სუფრას მიუსწრონ და ახლობელ ადამიანებთან ამბები გაცვალონ. ჩვეულებისამებრ დღესასწაულზე შეკრებილები საყვარელი ადამიანების გვერდით ყოფნის, სიუხვის, თავისუფლებებისა და ჯანმრთელობისთვის მადლიერებას გამოხატავენ. ხოლო ღმერთს ან ბუნებას ნაჩუქარი სიკეთეებისთვის მადლობას უხდიან. თუმცა, სახლებში მადლიერების დღის ტრადიციული კერძების სურნელს მიღმა ამერიკული ღირებულებებისა და კულტურის ისტორიის აღმოჩენა შეიძლება.

მადლიერების დღე ამერიკული კულტურის ერთ-ერთი ქვაკუთხედია, რომელიც დღესდღეობით საყოველთაოდ აღინიშნება. თუმცა, ამ დღესასწაულს რელიგიური ფესვები აქვს და ამერიკის ისტორიაშიც დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ ადგილობრივ დონეზე იყო გავრცელებული. ამერიკელების ცნობიერებაში ამ დღესასწაულის ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორია 1621 წელს პლიმუთის კოლონიაში პილიგრიმების ვამპანოაგის ადგილობრივ ტომთან ერთად ნადიმია. როდესაც ახლად დასახლებულმა პილიგრიმებმა მკაცრი ზამთრისა და მძიმე მგზავრობის შემდეგ, ბარაქიანი მოსავლისთვის ღმერთს მადლობა გადაუხადეს და მონაპოვარი ამერიკის მკვიდრ მოსახლეობას გაუზიარეს.

მადლიერების დღესასწაულის ისტორიაში პლიმუთს განსაკუთრებული ადგილი თავისი მიზეზების გამო აქვს. პილიგრიმების დასახლებამდე მრავალი წლით ადრე სხვა კოლონიებში უკვე არსებობდა მსგავსი დღესასწაულის აღნიშვნისა და ადგილობრივი მოსახლეობის (ე.წ. ინდიელების) ნადიმზე დაპატიჟების შემთხვევები, მაგალითად, მე-16 საუკუნეში ფლორიდის ესპანურ კოლონიაში. 1607 წელს მეინში ახალმოსახლე ინგლისელებმა აბენაკების ტომთან ერთად მოსავლის აღების აღსანიშნავი ზეიმი გამართეს. ხოლო 1619 წელს Berkeley Hundred-ის კოლონისტებმა გამოაცხადეს, რომ მათი ამერიკაში ჩამოსვლის დღე ყოველწლიურად "ღმერთისადმი მადლიერების დღის აღსანიშნავ წმინდა დღედ" დანიშნულიყო. კოლონისტები მოსავლის აღებისთვის მადლიერებას ან ნადიმით, ან მარხვით გამოხატავდნენ.

ამგვარად, ახალ კოლონიებში მადლიერების დღის აღნიშვნით პლიმუთის მოსახლეებს ახალი ტრადიცია არ დაუმკვიდრებია. საქმე იმაშია, რომ პლიმუთის კოლონიის დაარსების ისტორია არა მხოლოდ ერთ-ერთი პირველი წარმატებული დასახლების მაგალითია, არამედ აქ თვითმმართველობის, თავისუფლებისა და კოოპერაციის ფუნდამენტური ამერიკული ღირებულებები, ახალ დასახლებას საფუძველში ჩაეყარა და შემდგომ მრავალგზის გამოცდა გაიარა. პილიგრიმები კი დღემდე განასახიერებენ რელიგიური ავტონომიის მაძებარ მიზანდასახულ ხალხს, რომლებმაც მის მოსაპოვებლად დიდი ფასი გაიღეს.

პილიგრიმები

ნიუ ინგლენდის ახალი კოლონიების მართვის ადრეული ფორმებიდან პლიმუთის კოლონიამ ბრიტანულისგან მკვეთრად განსხვავებული საზოგადოება წარმოქმნა. დღევანდელი გადმოსახედიდან, ეს ახალი მოწყობა ერთ-ერთი განმაპირობებელი გახდა იმისა, რომ ამერიკაში რესპუბლიკანიზმმა საზრდოობა დაიწყო. ეს უხეში, მკაცრი ბუნებით გარემოცული პილიგრიმების უდრეკობის დამსახურებაა.

ამერიკაში დასახლების დაარსების იდეა რელიგიური თავისუფლების მოპოვების სურვილით იყო გამოწვეული, რაც თავის მხრივ ევროპაში მიმდინარე რელიგიურმა დევნამ განაპირობა. პილიგრიმებს პურიტანულ კალვინისტური რელიგიური წარმოდგენები ჰქონდათ, მაგრამ დამატებით ინგლისის ეკლესიისგან გამოყოფაც სურდათ. ამის გამო, ისტორიაში მათ "სეპარატისტებადაც" (ანუ გამოყოფის მომხრეებად) მოიხსენიებენ. ისინი რელიგიური ნიშნით დევნას ინგლისიდან გაექცნენ და ჰოლანდიას შეაფარეს თავი, თუმცა კულტურული გავლენისა და რიგი გამოწვევების გამო საბოლოოდ "ახალ სამყაროში" დასახლება დაისახეს მიზნად. მათ საკუთარი რელიგიური წარმოდგენების მიხედვით, სხვა კულტურული გავლენებისგან მოშორებით, ახალი, უკეთესი ცხოვრების დაწყების იმედი ჰქონდათ.

ნანატრი დღე 1620 წლის 16 სექტემბერს დადგა, როდესაც ჰოლანდიის ქალაქ ლეიდენიდან 102 მგზავრი იალქნიანი ინგლისური ხომალდი "მეიფლაუერით" ახალი ცხოვრების საძებნად გაემგზავრა. 1651 წელს უილიამ ბრედფორდი, რომელსაც ამ დროისთვის პლიმუთის გუბერნატორობა უკვე გამოვლილი აქვს, 1620 წლის მოვლენებს იხსენებდა. იგი გამგზავრების დეტალებს ბიბლიაში ებრაელთა მიმართ პავლე მოციქულის წერილიდან ერთ მონაკვეთს ადარებს, რომელშიც "პილიგრიმებმა" ძველ სამეფოში დაბრუნებას, უკეთესი, ზეციური სამეფოს მოძებნა ამჯობინეს:

"ამგვარად, მათ დატოვეს კეთილი და სასიამოვნო ქალაქი, რომელიც თითქმის 12 წლით, მათი მოსაცდელი ადგილი იყო;მაგრამ მათ იცოდნენ, რომ ისინი პილიგრიმები იყვნენ". - წერს ბრედფორდი, რომელიც პირველად საკუთარ თავსა და მგზავრებს "პილიგრიმებად" მოიხსენიებს.

დაბრკოლებებით სავსე მგზავრობის შემდეგ მათ "ახალ სამყაროს" 1620 წლის 11 ნოემბერს მიაღწიეს. მათი დანიშნულების ადგილი ვირჯინია იყო, სადაც ისინი ლონდონელი ვაჭრებისგან 100 მილის დაშორებით აპირებდნენ დასახლებას, მაგრამ უუნარო ნავიგატორმა 500 მილის მოშორებით, კეიპ კოდთან მიიყვანა. ამერიკის რუკაზე აღმოსავლეთ სანაპიროზე დაკვირვებისას ჩრდილოეთ ნაწილში ნემსკავის ფორმის წარმონაქმნი ალბათ იშვიათად გამოეპარება ვინმეს. სწორედ ეს ადგილი გახდა პილიგრიმების ახალი სახლი, სადაც მათ პროტესტანტული ქრისტიანობის სწავლებებზე ახალი საზოგადოება უნდა დაეფუძნებინათ.

უილიამ ბრედფორდი პილიგრიმების ხასიათის აღწერისას წერს: "მაშასადამე, როცა ვრცელი ოკეანე გამოვიარეთ, არ გვყავდა მეგობრები, რომლებიც დაგვხვდებოდნენ; არც სახლები, მით უმეტეს ქალაქები, რომლებსაც გამოვიყენებდით და ზოგს სურდა, რომ ისევ მიწაზე დავბრუნებულიყავით. მაგრამ ჩვენ ღმერთს შევევედრეთ, მან ჩვენი შეისმინა და ჩვენს განსაცდელში გადმოგვხედა".

თვითმმართველობა

პლიმუთის კოლონიის პოლიტიკურ მმართველობას საფუძვლები ჯერ კიდევ მაშინ ჩაეყარა, სანამ პილიგრიმები მეიფლაუერს დატოვებდნენ. 1620 წლის 11 ნოემბერს 41-მა პილიგრიმმა ხელი მოაწერა "მეიფლაუერის ხელშეკრულებას". ამ დოკუმენტით ისინი "შეთანხმდნენ და გაერთიანდნენ სამოქალაქო პოლიტიკური კავშირში, რომლის მიზანიც უკეთესი მართვა და თავის შენახვა იყო".

აღნიშნული ხელშეკრულების დადება ნიშნავდა, რომ ახალი კოლონიის მოქალაქეებს შორის ისეთი შეთანხმება დაიდო, რომელიც "ახალ სამყაროში" უმაგალითო იყო. ერთი მხრივ, ეს ძალიან მარტივი დოკუმენტი იყო, რომლის დადებაც ინგლისში ჩვეულებრივი მოვლენა იყო. თუმცა, "მეიფლაუერის ხელშეკრულებას" გამოარჩევდა ის ფაქტი, რომ იგი ინგლისის გვირგვინის ჩარევის გარეშე, მხოლოდ ხელმომწერთა თანხმობით დაიდო. დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობაში კორპორაციის (ამ სიტყვის მე-17 საუკუნის დროინდელი ფართო გაგებით) შექმნას სახელმწიფოს თანხმობა სჭირდებოდა. შესაბამისად, პილიგრიმების "შეთანხმებას" ინგლისში მოქმედი კორპორაცია არ შეუქმნია.

შედეგად, კოლონიას დაარსებამდე ჰქონდა ისეთი პოლიტიკური საფუძველი, რომელიც ჩანასახშივე უნიკალური იყო. სწორედ აქ ჩანს პილიგრიმების ხედვაში მომავალი რესპუბლიკანიზმის მოხაზულობა. პლიმუთის ახალი საზოგადოება თანხმობის საფუძველზე აღმოცენდა, რა პრინციპსაც საუკეთესოდ გამოხატავს ცნობილი გამოთქმა: "დემოკრატია არის ხალხის მთავრობა, ხალხისგან დადგენილი და ხალხის სამსახურისთვის შექმნილი". იგივე პრინციპი, რაც ამერიკის შეერთებული შტატების დაარსებას საფუძვლად დაედო. ამის გამო, შეიძლება  მივიჩნიოთ, რომ "მეიფლაუერის ხელშეკრულება" ამერიკის კონსტიტუციის არაპირდაპირი წინამორბედია, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ პილიგრიმი ხელმომწერები ერთგულებას მაინც ინგლისის მეფე ჯეიმზ I-ს უცხადებდნენ.

პილიგრიმებმა კეიპ კოდთან პირველი რამდენიმე თქვე მეიფლაუერის ბორტზე გაატარეს, რა დროსაც ჩრდილოეთ ამერიკის მკაცრ ზამთარს გემზე მყოფი ადამიანების თითქმის ნახევარი შიმშილს, ცუდ საცხოვრებელ პირობებსა და დაავადებებს შეეწირა. 1621 წლის მარტიდან კი ისინი ხმელეთზე გადავიდნენ და ახალი სამყაროს ათვისება დაიწყეს. ეს პროცესი პატუქსეტის ტომელი "ტისკვანტუმის" (იგივე "სკვანტო") გამოჩენამ გაამარტივა, რომელიც ინგლისურად საუბრობდა. იგი ინგლისელებმა ორჯერ, 1605 და 1614 წლებში, გაიტაცეს, რის შემდეგაც მან მასაჩუსეტში დაბრუნება 1619 წელს შეძლო.

სკვანტო ინგლისელებს ადგილობრივ პოკანოკეტების ტომთან კომუნიკაციის დამყარებაში დაეხმარა. მკვიდრი ამერიკელების ხელშეწყობით პილიგრიმებისთვის ახალ სამყაროსთან ადაპტაცია უფრო მარტივი აღმოჩნდა. ინდიელებმა ახალი დასახლების მცხოვრებლებს ადგილობრივი ცხოველების დაჭერის მეთოდები და მოსაყვანად საუკეთესო მცენარეები გაუზიარეს.

პილიგრიმები საკმაოდ მკაცრი ხასიათის ადამიანები იყვნენ. შობის, აღდგომისა და წმინდანების დღესასწაულების აღნიშვნა მათთვის აკრძალული იყო. მაგრამ 1621 წლის შემოდგომაზე, როდესაც პლიმუთში პირველი მოსავალი აიღეს, გაჭირვებების შემდეგ, პილიგრიმებმა მოსავლისთვის ღმერთის მიმართ მადლიერების დღესასწაული გამართეს.

"როცა ჩვენი მოსავალი მოვიდა, გუბერნატორმა ოთხი კაცი სანადიროდ გაგზავნა, რათა ჩვენი შრომის ნაყოფის აღების შემდეგ, ერთად განსაკუთრებულად აღგვენიშნა". - წერს პლიმუთელი პილიგრიმი ედუარდ უინსლოუ.

პირველწყაროდან ირკვევა, რომ პილიგრიმებმა მადლიერების დღის ნადიმზე ადგილობრივი ინდიელებიც მიიწვიეს. უინსლოუს თქმით, დღესასწაული 3 დღის განმავლობაში გაგრძელდა და მას ვამპანოაგების ტომის ბელადი მასასოიტი, 90 ინდიელთან ერთად, დაესწრო. ბრედფორდი იხსენებს, რომ სუფრაზე ზღვის პროდუქტები, გარეული ინდაურები და ირმის ხორცი მიირთვეს.

ცხადია, ინდიელებისა და პილიგრიმების ისტორია პლიმუთში პირველი მადლიერების დღით არ მთავრდება. მომავალი 50 წლის განმავლობაში მათ შორის შედარებით მშვიდობიანი თანაარსებობა იყო, თუმცა მალე ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სისხლისმღვრელი ომი დაიწყო, რომელშიც ორივე მხარის მომავალი თაობა ერთმანეთს შეებრძოლა.

პოლიტიკური სისტემის პრობლემა

ადგილობრივი ინდიელების კეთილგანწყობილი დახვედრა ახლად ჩამოსულ პილიგრიმებს მომავალი ზამთრისთვის უკეთ მომზადებაში დაეხმარა. თუმცა, პირველი ორი წლის განმავლობაში პლიმუთი ხშირად აღმოჩნდა შიმშილის ზღვარზე. აშკარა იყო, რომ დასახლებამ ჯერ კიდევ ვერ მოახერხა თვითმყოფადი გამხდარიყო. ზოგადად, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად კარგი ინფორმაცია გაქვს გარემოზე და რა მიზნები გამოძრავებს, თუკი არსებობს სისტემური პრობლემა, იგი ყოველთვის ხელს შეუშლის რესურსების ეფექტურ გადანაწილებას.

ნიუ ინგლენდის კოლონიებიდან თითოეულმა განვითარების ადრეულ ეტაპზე პოლიტიკური მოწყობის განსხვავებული ფორმები აირჩიეს. მაგალითად, პილიგრიმების სამხრეთით გუბერნატორმა ჯონ სმიტმა ბიბლიური გამოთქმა - "ვისაც შრომა არ სურს, მაშინ ნურც ჭამს" - ჯეიმზთაუნის სამართავ პრინციპად შემოიღო. ოდნავ ჩრდილოეთით კი მასაჩუსეტსის ყურეს კოლონიაში ჯონ უინტროპმა პოლიტიკური მოწყობა მკაცრად პურიტანულ პრინციპებზე დაამყარა. პლიმუთის კოლონიის შემთხვევაში ეს სისტემური პრობლემა საზოგადოების კოლექტიური მოწყობა აღმოჩნდა, რაც თავად პლიმუთის ლიდერმა, გუბერნატორმა უილიამ ბრედფორდმა აღიარა.

როდესაც პილიგრიმები 1620 წელს პლიმუთში ჩავიდნენ, ისინი საზოგადოების კოლექტიურად მოწყობაზე შეთანხმდნენ. რაც ნიშნავდა, რომ მოყვანილ მოსავალს ისინი საერთო საწყობში შეინახავდნენ და შემდგომ საჭიროებისამებრ აიღებდნენ. 1623 წელს კი ბრედფორდმა პლიმუთის მცხოვრებლებს აცნობა, რომ ამიერიდან ყოველი ოჯახი საკუთარი საკვებისთვის იქნებოდა პასუხისმგებელი. ამასთანავე, გუბერნატორმა ყველა ოჯახს კერძო მიწის ნაკვეთი გამოუყო იმ დათქმით, რომ აღნიშნულ მიწაზე მოყვანილ მოსავალს თვითონ დაიტოვებდნენ. კოლონიაში კერძო საკუთრების ელემენტის შეტანამ ვითარება მკვეთრად და სწრაფად შეცვალა. ბრედფორდის თქმით, ამ ცვლილებამდე კაცები სამუშაოდ მიდიოდნენ, ხოლო ქალები სახლებში ბავშვების მოსავლელად რჩებოდნენ.

"რეფორმის" შემდეგ კი "ქალები საკუთარი ნებით მიდიოდნენ მინდორში". ბრედფორდის თქმით, კოლონიის კოლექტიური მოწყობა ბევრ უთანხმოებასა და დაბნეულობას იწვევდა. მაგალითად, "ღონიერი და ახალგაზრდა კაცები ჩიოდნენ, რომ ყველანაირი ანაზღაურების გარეშე სხვა კაცების ცოლებისა და ბავშვებისთვის შრომობდნენ". ხოლო "ძლიერებს ისეთივე ტანსაცმელი და სურსათ-სანოვაგე ჰქონდათ, როგორც სუსტებს; ეს უსამართლობად მიიჩნეოდა". ბრედფორდის აღწერით, კაცებს ამგვარი თანასწორობა შეურაცხმყოფლად მიაჩნდათ, ხოლო ქალებისთვის ქმრის გარდა სხვა კაცებისთვის მომსახურება მონობის ტოლფასი იყო.

პლიმუთის კოლონიის მიერ გადატანილი პრობლემა ეკონომიკაში "საერთო რესურსების ტრაგედიის" სახელით არის ცნობილი. ამ ცნების მიხედვით, თუკი ადამიანთა გარკვეულ რაოდენობას სასრულ რესურსზე შეუზღუდავი წვდომა აქვს, ისინი საჭიროზე მეტად გამოიყენებენ ამ რესურს. ამასთანავე, მათ არ ექნებათ მოტივაცია, რომ ამ რესურსის მარაგში საკუთარი კონტრიბუცია გაზარდონ. ვინაიდან სასრულ რესურსს ღირებულება ეკარგება, შედეგი ყველასთვის ტრაგედიაა. პლიმუთში ასეთი პრობლემა ძალიან მარტივად, სისტემაში კერძო საკუთრების შემოტანით გადაიჭრა.

ნათანიელ ფილბრიკი მეიფლაუერის შესახებ წიგნში წერს, რომ პილიგრიმებმა ასე აღმოაჩინეს კაპიტალიზმის ძალა. მომავალ წლებში, მიუხედავად იმისა, რომ კოლონიაში მოსავლის დიდი სიუხვე არ ყოფილა, მცხოვრებლებს შიმშილი თავს აღარ დასტყდომია. პოლიტიკური მოწყობის შეცვლით კი პლიმუთის პილიგრიმები ერთ-ერთი პირველები იყვნენ, რომლებმაც ამერიკაში კერძო საკუთრების უფლების სათნოება შეიცნეს.

არაპოპულარული დღესასწაული

ნიუ ინგლენდის კოლონიებში პილიგრიმების მიერ აღნიშნული პირველი მადლიერების დღე ცხადია საყოველთაო დღესასწაულად უეცრად არ გადაქცეულა. პლიმუთელი კოლონისტებისთვის დღესასწაულებს მკაცრად რელიგიური დანიშნულება ჰქონდათ. ისინი მხოლოდ ღმერთისადმი მადლიერების გამოსახატად, ლოცვის თანხლებით, აღნიშნავდნენ მათ. ამიტომაა, რომ შემდგომი 200 წლის განმავლობაში ნიუ ინგლენდში მადლიერების დღე მხოლოდ ადგილობრივ დონეზე ოქტომბრიდან დეკემბრამდე ინტერვალში აღინიშნებოდა და ეს ტრადიცია ამერიკის სხვა კუთხეებში მოგზაურობისას თან მიჰქონდათ. პილიგრიმი მამების სამახსოვროდ 1769 წელს მასაჩუსეტში "წინაპრების დღის" აღნიშვნა 21 დეკემბერს დაწესდა.

მადლიერების დღის დედა

ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ მადლიერების დღე პირველად 1789 წლის 26 ნოემბერს აღინიშნა, პრეზიდენტმა ჯორჯ ვაშინგტონმა, წარმომადგენელთა პალატის წახალისებით, "საჯარო მადლიერებისა და ლოცვის" დღესასწაული გამოაცხადა. ამასთანავე, მან ციხეებში მარაგებისთვის თანხა გაგზავნა, რითაც მადლიერების დღეს ქველმოქმედების ტრადიციას საფუძველი ჩაუყარა. თუმცა, ვაშინგტონის ეს გადაწყვეტილებაც არ იყო საკმარისი მადლიერების დღის ამერიკულ ტრადიციაში დამკვიდრებისთვის.

ამას კიდევ რამდენიმე ათწლეული დასჭირდა. ამ პერიოდში მადლიერების დღის სულისკვეთებას ამერიკელი მწერალი და აქტივისტი სარა ჰეილი ინარჩუნებდა. ის ცნობილი გამოცემის Godey’s Lady’s Book-ის რედაქტორი იყო. იგი ათწლეულების განმავლობაში მადლიერების დღის ეროვნულ დღესასწაულად დამკვიდრების კამპანიას ეწეოდა. ამის ფარგლებში, იგი ყოველწლიურად გუბერნატორებს, კონგრესმენებსა და თეთრ სახლს წერილებს უგზავნიდა, ხოლო სარედაქციო წერილებში მადლიერების დღის სათნოებაზე წერდა. ჰეილის ცნობიერებაში, მადლიერების დღე შემოდგომის პერიოდში პატრიოტული ხასიათის დღესასწაულად უნდა ქცეულიყო.

მისმა ძალისხმევამ შედეგი 1863 წელს გამოიღო. ამ წლის სექტემბერში ჰეილმა მადლიერების დღეზე კიდევ ერთი სარედაქციო წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ის პრეზიდენტ ლინკოლნს მიმართავს:

"დაე დღეიდან, ეს დღე, სანამ ჩვენი ვარსკვლავებიანი დროშა ქარში ფრიალებს, ჩვენი ერის მადლიერების დღესასწაული იყოს. როცა ამქვეყნიური აურზაურის ხმა, ბედნიერი ბავშვების სიცილით, ოჯახების კვლავ გაერთიანების სანუგეშო მისალმებითა და ქრისტიანის გულის თავმდაბალი მადლიერებით ჩანაცვლდება". - წერს ჰეილი

ხუთი დღის შემდეგ აბრაამ ლინკოლნმა საპრეზიდენტო პროკლამაცია გამოსცა, რომლითაც მადლიერების დღის აღნიშვნის 150-წლიანი ტრადიცია ოფიციალურ ეროვნულ დღესასწაულად იქცა. ლინკოლნის გადაწყვეტილება, სამოქალაქო ომის შედეგად გაყოფილი ერის გამთლიანებისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო.

ომის შემდეგ, ერთ დროს რელიგიური განწყობის მქონე დღესასწაულმა სამხიარულო ხასიათი შეიძინა. ამას კარგად ასახავს 1878 წელს გამოცემა New York Times-ში მადლიერების დღის სახეცვლილებასთან დაკავშირებით დაწერილი საჩივარი: ამ დღემ "რელიგიური მოღუშულობა და მასთან ერთად ყოველგვარი რელიგიური მნიშვნელობა დაკარგა". ხოლო სარა ჰეილისთვის მადლიერების დღე "ამერიკელი ხალხის კეთილდღეობისა და ბედნიერების საუკეთესო ნიმუში იყო". დღე, როდესაც ფუნდამენტური ამერიკული ღირებულებების - პატრიოტიზმის, ოჯახისადმი ერთგულებისა და შრომის - გახსენების დროა.

როცა ამერიკამ ორჯერ აღნიშნა მადლიერების დღე

მე-20 საუკუნისთვის მადლიერების დღემ მკვეთრად სამოქალაქო ხასიათი მიიღო და თანდათანობით საყოველთაო სეკულარულ დღესასწაულად გადაიქცა. ამან, თავის მხრივ, ცალკე პრობლემა წარმოქმნა.

ტრადიციულად მადლიერების დღე ნოემბრის ბოლო ხუთშაბათს აღინიშნებოდა. 1939 წლის ნოემბერს კი ხუთი ხუთშაბათი უწევდა, რითაც მადლიერების დღე 30 ნოემბერს გამოდიოდა. ჯერ კიდევ დიდი დეპრესიის ჩრდილის ქვეშ, მოვაჭრეები შიშობდნენ, რომ 30 ნოემბერს მადლიერების დღის დანიშვნა საშობაო საყიდლებისთვის საკმარის დროს არ დატოვებდა. პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტიც იმ აზრზე იყო, რომ ეკონომიკას ჯერ კიდევ სჭირდებოდა ხელის შეწყობა. ამასთანავე, სტატისტიკურად ჩანდა, რომ ამერიკელების უმეტესობა საშობაო საყიდლებზე მხოლოდ მადლიერების დღის შემდეგ გადიოდნენ.

ამიტომ, მან გამოაცხადა, რომ 1939 წელს მადლიერების დღე ნოემბრის მეოთხე ხუთშაბათს იქნებოდა. ცვლილებას წინააღმდეგობის დიდი ტალღა მოჰყვა, ხოლო თექვსმეტმა შტატმა დღესასწაულის აღნიშვნა მაინც 23 ნოემბერს გადაწყვიტა. რამდენიმე შტატმა ორ თარიღს შორის არჩევანის გაკეთება ვერ შეძლო და საბოლოოდ მადლიერების დღის როგორც 23, ასევე 30 ნოემბერს აღნიშვნა გადაწყვიტეს.

საბოლოოდ საკითხი კონგრესში მოგვარდა.  1941 წლის 6 ოქტომბერს წარმომადგენელთა პალატამ მიიღო წინადადება, რომლითაც "ნოემბრის ბოლო ხუთშაბათი ლეგალურ დღესასწაულად" დაინიშნა. ხოლო სენატმა შესწორება შეიტანა და მადლიერების დღედ ნოემბრის მეოთხე ხუთშაბათი დაინიშნა. რეზოლუციას პრეზიდენტმა რუზველტმა 1941 წლის 26 დეკემბერს მოაწერა ხელი.

კერძები

გემრიელი კერძების მოყვარულთათვის მადლიერების დღე წლის გამორჩეული დღესასწაულია. მათთვის, ვისთვისაც სუფრასთან ჯდომა წმინდად გასტრონომიულ მიზნებს ემსახურება, მადლიერების დღის კერძები სუფრის გარშემო პოლიტიკური დისკუსიებისგან თავის დაღწევის კარიბჭეა.

მადლიერების დღისთვის ამერიკის ოჯახებში გასამზადებელი კერძებსაც თავისი ისტორიები აქვთ. ერთი მხრივ, მთელს ამერიკაში მადლიერების დღის კერძებს შორის შემწვარი ინდაური, გვირგვინის ძვირფასი ქვასავით, სუფრის მთავარი სანახაობაა. რაც იმას ცხადყოფს, რომ ეს დღესასწაული ამერიკელი ხალხის საერთო იდენტობისა და ტრადიციის ნაწილია. თუმცა მეორე მხრივ, თუკი ინდაურს გადავდებთ და შტატების მიხედვით გვერდითი კერძების არჩევანს დავაკვირდებით, საერთო ეროვნული დღესასწაულის მიღმა ადგილობრივი ტრადიციების მრავალფეროვნებას დავინახავთ. 

მაგალითად, ტეხასში ყველაზე პოპულარული სიმინდისგან დამზადებული პურია, რომლის მომზადების ტრადიციაც ამერიკელი ინდიელებისგან იღებს სათავეს. ნიუ ინგლენდელების რჩეული გვერდითი კერძი კი გოგრაა. ინდიელების მიერ მოყვანილი გოგრა, ახლად ჩასულმა კოლონისტებმა სასტიკი ზამთრის თვეების დროს დააფასეს. ისინი გოგრას აცხობენ და დაჭრის შემდეგ ცხოველის ქონით, ნეკერჩხლის სიროფით ან თაფლით ნამავენ.

სუფრაზე დესერტების მხრივაც მრავალფეროვნებაა. გოგრის ნამცხვარი, ინდაურის მსგავსად, ამერიკის ყველა მხარის საყვარელი დესერტია. მაგრამ ნიუ ინგლენდსა და შუა ატლანტიკურ შტატებში ვაშლის ნამცხვარია მთავარი არჩევანი. სამხრეთის შტატებში პეკანის კაკლის ან ტკბილი კარტოფილის ნამცხვრის მომზადების ტრადიცია დამკვიდრდა. ხოლო ამერიკის მიდვესტსა და დასავლეთში დესერტად ალუბლის ნამცხვარს მიირთმევენ.

მადლიერების დღე 1621 წელს პილიგრიმების ღმერთისადმი გულწრფელი და თავმდაბალი მადლობის სიტყვით დაიწყო და ოთხი საუკუნის შემდეგ ეს ყოველწლიური ტრადიცია ამერიკელი ხალხის მეხსიერებისა და ეროვნული იდენტობის განუყრელი ნაწილია. ეს დღესასწაული არა მხოლოდ მადლიერების გამოხატვისა და სუფრის გაშლის შესაძლებლობაა, არამედ მასში ამერიკის ისტორიაა ჩაქსოვილი - დაბრკოლებების წინაშე შეუპოვრობის, მიზანდასახულობის, შერიგებისა და შეთანხმების ამბავი.

კომენტარები