კანის 2 ჯილდოსა და ოსკარის მფლობელი დანიელი რეჟისორი ბილე აუგუსტი თბილისის 25-ე საერთაშორისო კინოფესტივალის სპეციალური სტუმარი უნდა ყოფილიყო. თუმცა სახელოვანმა რეჟისორმა თბილისში ჩამოსვლა ვერ შეძლო.
აუგუსტს ჩამოსვლაში საპროდიუსერო კომპანიასთან დადებულმა დაზღვევის ხელშეკრულებამ შეუშალა ხელი. ხელშეკრულების მიხედვით მას არ აქვს უფლება გადაღების დროს გაემგზავროს ისეთ ქვეყანაში, რომელშიც "არასტაბილურობა" და "არეულობაა".
ეს სტანდარტული ხელშეკრულებაა, რომელსაც პროდიუსერი კომპანია კინოს მესვეურებთან აფორმებს. არასტაბილურობასა და არეულობაში დიდი ალბათობით პოლიტიკური კრიზისი იგულისხმება, რომელშიც საქართველო ბოლო პერიოდში იმყოფება.
ბილე აუგუსტს კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ორი ჯილდო 1987 (Pelle the Conqueror) და 1992 (The Best Intentions) წლებში აქვს მიღებული. არის ოსკარისა და ოქროს გლობუსის მფლობელი.
დანიელ რეჟისორს უნდა მიეღო თბილისის კინოფესტივალის საპატიო ჯილდო პრომეთე. წელს ფესტივალის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით საპატიო პრომეთე არავის გადაეცემა.