ცესკომ კოალიცია ცვლილებისთვის, ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობისა და კოალიცია ძლიერი საქართველოს მოთხოვნა დააკმაყოფილა და სუბიექტების მიერ წარდგენილი საარჩევნო სიები გააუქმა. უწყება წერს, რომ სიების გაუქმების მიუხედავად, ცესკო არ იზიარებს "გამოგზავნილ წერილებში გამოთქმულ პოლიტიკური ხასიათის და უსაფუძვლო შეფასებებს საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისა და აღნიშნული არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის შესახებ".
"საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პოლიტიკური გაერთიანებების -„კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროას“, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ და „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ პარტიული სიით წარდგენილ დარჩენილ კანდიდატებს. გადაწყვეტილება ცესკომ აღნიშნული პარტიების მომართვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისად მიიღო.
თუმცა აქვე გვინდა გამოვეხმაუროთ აღნიშნული პოლიტიკური სუბიექტების განცხადებებს სიების გაუქმებასთან დაკავშირებით და განვაცხადოთ, რომ უწყების გადაწყვეტილება სიების გაუქმებასთან დაკავშირებით არ ნიშნავს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია იზიარებს პარტიების შეფასებებს არჩევნებთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილებების მიღებისას საარჩევნო ადმინისტრაციამ იხელმძღვანელა მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით. ცესკო არ იზიარებს პოლიტიკური პარტიების მიერ სიების გაუქმებასთან დაკავშირებით გამოგზავნილ წერილებში გამოთქმულ პოლიტიკური ხასიათის და უსაფუძვლო შეფასებებს საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისა და აღნიშნული არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის შესახებ. ვთვლით, რომ აღნიშნული შეფასებები პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარეობს და არ ასახავს რეალობას", - ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.
მათივე ცნობით, პარტიული სიების გაუქმების შესახებ ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებები და წერილები გაეგზავნებათ შესაბამის პოლიტიკურ გაერთიანებებს.
ცნობისთვის, ცესკოს სიების ჩახსნის მოთხოვნით, დღეს მიმართეს კოალიცია ძლიერმა საქართველომ და ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ. 25 ნოემბერს კი კოალიციამ ცვლილებისთვის. გიორგი გახარიას პარტიაში კი ამბობენ, რომ სიების ჩახსნაზე ნაბიჯს მაშინ გადადგამენ, როცა ამას საჭიროდ თავად ჩათვლიან.