კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერების, ელენე ხოშტარიასა და ზურა გირჩი ჯაფარიძის განცხადებით, კოალიციამ უკვე მიმართა ცესკო-ს სიების ჩახსნის თაობაზე, ხოლო პროცედურულად შემდეგი ნაბიჯია ინდივიდუალური განცხადებები მანდატის ჩახსნასთან დაკავშირებით.
"ორი სხვადასხვა პროცედურაა. ჯერ არის სიების ჩახსნა, რაზეც განცხადება წესით უკვე შესული უნდა იყოს ცესკო-ში და მაგის შემდეგ იწერება ინდივიდუალური განცხადებები მათთვის, ვისთვისაც ესენი გამოწერენ მანდატებს. მაგ პროცედურასაც გავივლით. ჯერ იხსნება სია და შემდეგ კეთდება ინდივიდუალური განცხადებები." - თქვა ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
"პირველ რიგში ის შეკრება, რომელიც ჩატარდა დღეს ამ შენობაში არანაირ კავშირში არ არის საქართველოს ხელისუფლებასთან იმიტომ, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი, ამას არეგულირებს კონსტიტუცია და არჩევნები, რომლებიც ჩატარდა აბსოლუტურად გათელილი კონსტიტუციის გზით და ხალხის ნების საწინააღმდეგოდ. შესაბამისად, რამდენჯერაც არ უნდა შეიკრიბონ, ეს შეკრება ვერ იქნება აღიარებული ძალაუფლებად. [...]
არ არსებობს არც მანდატი, არც სია, არ არსებობს არცერთი წარმომადგენელი, არც ინდივიდუალურად, არც პარტიულად. არ არსებობს კოალიცია ცვლილებისთვის ადამიანი, რომელიც ამ პარლამენტში შედგამს ფეხს". - განაცხადა ხოშტარიამ.
დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს მე-11 მოწვევის ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბა. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილები არიან პროტესტის მონაწილეები, რომლებიც არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ. შენობას აქციის მონაწილეებისგან პოლიცია იცავს.
ერთპარტიულმა პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო.





