დონალდ ტრამპი

The Times: ტრამპი აშშ-ს ჯარიდან ტრანსგენდერი სამხედროების გათავისუფლებას გეგმავს

BRANDON BELL/GETTY IMAGES

25 ნოემბერს გამოცემა The Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად აშშ-ს ახლად არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გეგმავს ხელი მოაწეროს ბრძანებას, რომლითაც ტრანსგენდერ სამხედრო მოსამსახურეებს ჯარიდან გაათავისუფლებს.

გამომცემლობის ინფორმაციით, ტრამპმა ბრძანება შესაძლოა თანამდებობის დაკავების პირველივე დღეს, 20 იანვარს გამოსცეს, რომელიც ტრანსგენდერ პირებს ასევე სამხედრო სამსახურში გაწევრიანებას აუკრძალავს.

ამჟამინდელი მონაცემებით, აშშ-ს ჯარში, დაახლოებით, 15 000 ტრანსგენდერი პირი მსახურობს, რომლებსაც, ბრძანების თანახმად, სამედიცინო საფუძველზე გაათავისუფლებენ და სამხედრო სამსახურისთვის შეუფერებლად ჩათვლიან.

The Times-ის წყაროების თქმით, სავარაუდოდ, აკრძალვა უფრო ფართო მასშტაბებს მიიღებს, ვიდრე ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს გამოცემული მსგავსი ბრძანება. 2019 წელს ძალაში შევიდა ბრძანება, რომლითაც ტრანსგენდერ პირებს აშშ-ს შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანება აეკრძალათ, თუმცა, ბრძანება არ ვრცელდებოდა უკვე სამსახურში მყოფ პირებზე.

კომენტარები