გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის თქმით, ხელისუფლებამ "სერიოზულად" უნდა განიხილოს, იყო თუ არა ლიტვაში სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნა "ჰიბრიდული" თავდასხმის ნაწილი.
"ის ფაქტი, რომ ჩვენ, ჩვენს ლიტველ და ესპანელ პარტნიორებთან ერთად, თავებს სერიოზულად უნდა ვკითხოთ, იყო ეს შემთხვევა თუ, წინა კვირის ფონზე, მორიგი ჰიბრიდული ინციდენტი, აჩვენებს, თუ რამდენად არამდგრად დროში ვცხოვრობთ, ევროპის ცენტრშიც კი". - თქვა ბერბოკმა.
ლიტვის ხელისუფლების თქმით, ვილნიუსის ავიაკატასტროფის მიზეზს იკვლევენ, თუმცა ჯერჯერობით საბოტაჟის ნიშნები არ აღმოუჩენიათ.
ლიტვის პოლიციის უფროსმა, არუნას პაულაუსკასმა თქვა, რომ შემთხვევა "დიდი ალბათობით, ტექნიკური ხარვეზის ან ადამიანური შეცდომის გამო მოხდა", თუმცა "ტერორიზმი არ უნდა გამოირიცხოს".
"ეს კატასტროფის ერთ-ერთი ვერსიაა, რომელიც გამოძიებული და შემოწმებული იქნება. ბევრი რამ არის გასაკეთებელი. [...] მტკიცებულებების შეგროვებას შესაძლოა მთელი კვირა დასჭირდეს, სწრაფი პასუხები არ იქნება". - თქა პაულაუსკასმა.
მანამდე, ლიტვაში, ვილნიუსის აეროპორტთან სატვირთო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რასაც, სულ მცირე, 1 ადამიანი ემსხვერპლა, 2 კი დაშავდა.
Reuters-ის ინფორმაციით, სატვირთო თვითმფრინავი DHL-ს ეკუთვნოდა, გერმანიის ქალაქ ლაიფციგიდან აფრინდა და მას ავიახაზი, SWIFT მართავდა.
ერთი კვირის წინ, 19 ნოემბერს, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ წინა დღით ბალტიის ზღვაში გაყვანილი სატელეკომუნიკაციო წყალქვეშა კაბელების დაზიანებაზე უნდა ვივარაუდოთ, რომ საბოტაჟი იყო. მანამდე, ლიტვის შეიარაღებულმა ძალებმა მომხდარზე პასუხად საკუთარ წყლებში დაზვერვა გააძლიერა.
18 ნოემბერს ბალტიის ზღვაში ერთმანეთის მიყოლებით ორი წყალქვეშა კაბელი დაზიანდა. ერთი ფინეთიდან გერმანიამდე იყო გაყვანილი, მეორე კი - ლიტვიდან შვედეთამდე.
5 ნოემბერს გამოცემა The Wall Street Journal დასავლური სპეცსამსახურის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსეთი აშშ-სა და კანადაში სამგზავრო და სატვირთო თვითმფრინავებში ცეცხლის გასაჩენად სპეცოპერაციას ამზადებდა.
WSJ ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ივლისში DHL-ის ლოგისტიკის ცენტრებში ორი ელექტრული მასაჟორი მოწყობილობა აალდა - ერთი ლაიფციგში, გერმანიაში, მეორე კი ბირმინგემში, ინგლისში.





