ავიაშემთხვევა

ბოლო 24 საათში 3 ავიაშემთხვევა მოხდა, დაღუპულია 1 ადამიანი

ვილნიუსში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგები, 25.11.2024
Delphi

ბოლო 24 საათში რუსეთის, თურქეთისა და ლიტვის საჰაერო სივრცეში 3 ავიაშემთხვევა მოხდა. შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ათობით ადამიანი.

25 ნოემბერს, თბილისის დროით დაახლოებით 00:35 საათზე ანტალიაში რუსული ავიაკომპანია აზიმუტის სამგზავრო თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა. 

თვითმფრინავს ასაფრენ ბილიკზე ცეცხლი გაუჩნდა. აეროპორტის სახანძრო-სამაშველო სამსახურების მუშაობის შედეგად ხანძარი ლიკვიდირებულია. ბორტზე იმყოფებოდა 79 ადამიანი, არავინ დაღუპულა, არიან დაშავებულები.

რუსული მედიის ინფორმაციით, იგივე თვითმფრინავი 16 ოქტომბერს ავარიულად დაეშვა მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში. მიზეზი ჰიდროსისტემაში სითხის მცირე რაოდენობა გახდა. 

25 ნოემბერს, თბილისის დროით 5:28 საათზე, ლიტვის დედაქალაქში, ვილნიუსში სატვირთო თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა. Boeing 757 აეროპორტის მახლობლად მდებარე ორსართულიან სახლს დაეცა. ბორტზე ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა, ბოლო ინფორმაციით დაღუპულია ეკიპაჟის ერთი წევრი. ადგილზე მუშაობს სახანძრო-სამაშველო სამსახური. 

რეისს ავიაკომპანია Swift Air ასრულებდა. თვითმფრინავი ლაიფციგიდან გამოფრინდა. პირველადი მონაცემებით ავიაკატასტროფის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა.

25 ნოემბრის ღამეს ავარიულად დაეშვა აზიმუტის კიდევ ერთი თვითმფრინავი. ავარიული დაშვების მიზეზი, აქაც ჰიდრავლიკის გაუმართაობა გახდა. საჰაერო ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები