საქართველოს პარლამენტი

ერთპარტიული პარლამენტი მთავრობას 28 ნოემბერს დაამტკიცებს

ერთპარტიული პარლამენტი საქართველოს ახალ მთავრობას 28 ნოემბერს დაამტკიცებს. 

"28 ნოემბერს, 11 საათზე იქნება ფრაქცია ქართული ოცნების სხდომა, სადაც განიხილება მინისტრობის კანდიდატები, ხოლო 12 საათზე უკვე პლენარულ სხდომაზე იქნება წარმოდგენილი მთავრობის შემადგენლობა და დავამტკიცებთ მთავრობის შემადგენლობას" - თქვა შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე. 

დღეს პარლამენტი პრეზიდენტის არჩევნების თარიღს განიხილავს. ერთპარტიული პარლამენტის ბიუროს სხდომაზე არჩევნების თარიღად შალვა პაპუაშვილმა 14 დეკემბერი დაასახელა. 

საქართველოს მე-11 მოწვევის ერთპარტიული პარლამენტი გუშინ, 25 ნოემბერს შეიკრიბა. მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომისათვის რეგისტრაცია გაიარა 89 წევრმა. ყველა დეპუტატი ქართული ოცნების წარმომადგენელი იყო. 

სხდომას ესწრებოდა ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც, რომელიც საპარლამენტო სიის პირველი ნომერი იყო.

 

კომენტარები