ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მოადგილეებად მმართველი პარტიის დეპუტატებმა გია ვოლსკი, თეა წულუკიანი და ნინო წილოსანი აირჩიეს.
მანამდე, ერთპარტიულმა პარლამენტმა თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილი ერთხმად აირჩია.
საქართველოს მე-11 მოწვევის ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბა. სხდომა მოწვევის უხუცესმა წევრმა, ლადო კახაძემ გახსნა. კახაძის თქმით, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომისათვის რეგისტრაცია გაიარა საქართველოს პარლამენტის 89 წევრმა. ყველა დეპუტატი ქართული ოცნების წარმომადგენელია.
პარლამენტში, სხდომათა დარბაზში იმყოფება ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც, რომელიც საპარლამენტო სიის პირველი ნომერი იყო.
სხდომას ესწრებიან მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები, ცესკოს თავმჯდომარე.
პარალელურად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილები არიან პროტესტის მონაწილეები, რომლებიც არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ. შენობას აქციის მონაწილეებისგან პოლიცია იცავს.





