ლიტვაში, ვილნიუსის აეროპორტთან სატვირთო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რასაც, სულ მცირე, 1 ადამიანი ემსხვერპლა, 2 კი დაშავდა.
შემთხვევის შედეგად დაშავებულთა შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი საზოგადოებრივი მაუწყებელი, LRT და გამოცემა Reuters ავრცელებს.
"ეკიპაჟის ერთი წევრი სიცოცხლის ნიშნების გარეშე იპოვეს, ორი გადაარჩინეს და საავადმყოფოში წაიყვანეს". - თქვა ვილმანტას ვიტკაუსკასმა, ლიტვის ეროვნული კრიზისების მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა, LRT-ის მიხედვით.
LRT-ის მიხედვით, ვილნიუსის მერმა, ვალდას ბენკუნსკასმა თქვა, რომ თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლთან ახლოს, შიდა ეზოში ჩავარდა. მისი თქმით, სახლის 12-ივე მცხოვრები გადარჩა.
Reuters-ის ინფორმაციით, სატვირთო თვითმფრინავი DHL-ს ეკუთვნოდა და მას ავიახაზი, SWIFT მართავდა.
CNN-თან საუბრისას ვილნიუსის აეროპორტის სპიკერმა თქვა, რომ შემთხვევა ადგილობრივი დროით დილის 5:30 საათზე მოხდა.
"ქალაქის სპეციალური სამსახურები, ასევე ვილნიუსის აეროპორტის სახანძრო სამსახურის ჯგუფები ადგილზე მუშაობენ და სამაშველო სამუშაოებს ხელმძღვანელობენ". - თქვა ვილნიუსის აეროპორტის სპიკერმა გამოცემასთან საუბრისას.





