საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო წერს, რომ 25 ნოემბერს დაგეგმილი ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა და მისი წევრების უფლებამოსილების ცნობა კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის დარღვევას წარმოადგენს.
ამის შესახებ ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს.
"25 ნოემბერს დაანონსებული ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა და მის მიერ პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობა საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის აშკარა და უხეში დარღვევაა". - წერია განცხადებაში.
ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ პრეზიდენტს პირველი სხდომა არ მოუწვევია და საკონსტიტუციო სასამართლოში 26 ოქტომბრის შედეგები და 150 დეპუტატის არჩევის კანონიერება არის გასაჩივრებული, ამიტომ პირველი სხდომის ჩატარება კონსტიტუციასა და პარლამენტის რეგლამენტთან წინააღმდეგობაში მოდის.
"საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტის პირველი სხდომა არ მოუწვევია. ამასთან ერთად, საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებულია 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების კონსტიტუციურობა და შესაბამისად 150 წევრის არჩევის კანონიერება. საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის თანახმად, პარლამენტის პირველ სხდომას ნიშნავს პრეზიდენტი. ამავე მუხლის თანახმად, პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა ორი მესამედის (100 წევრის) უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. პარლამენტის რეგლამენტის 86-ე მუხლის თანახმად, პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე პარლამენტის დადგენილებაში არ შეიტანება იმ პირის გვარი, რომლის პარლამენტის წევრად არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში". - წერია განცხადებაში.
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო აღნიშნავს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები დაშინების, იძულების, ტოტალური კონტროლისა და ხმის ფარულობის დარღვევის ფონზე ჩატარდა. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ არჩევნების შედეგების გაბათილების მოთხოვნით სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა და პარტიებმა საერთო სასამართლოში არაერთი სარჩელია შეიტანეს, ევროკომისიამ საარჩევნო დარღვევების შემსწავლელი სპეციალური მიზიის გამოგზავნის შესახებ განცხადება გააკეთა და საკონსტიტუციო სასამართლოში არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით სარჩელი არის წარდგენილი.
"უნდა აღნიშნოს, რომ 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებული პარლამენტის არჩევნები მოქალაქეთა დაშინების, იძულების, ტოტალური კონტროლისა და ხმის ფარულობის მასობრივი დარღვევის ფონზე მიმდინარეობდა. სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა საერთო სასამართლოებში ასეულობით სარჩელი წარადგინეს ცალკეულ უბნებსა და ოლქებში არჩევნების შედეგების ბათილობის მოთხოვნით. არჩევნების შედეგების გამოცხადებას მოსახლეობაში დიდი პროტესტი მოჰყვა, რომელიც ამ დრომდე გრძელდება. არჩევნების შედეგი არ ცნო საერთაშორისო საზოგადოებამ. ევროკომისიამ განაცხადა, რომ საქართველოში სპეციალურ მისიას გამოაგზავნის, რომელიც საარჩევნო დარღვევებს შეისწავლის. საკონსტიტუციო სასამართლოში ორი სარჩელია წარდგენილი არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით. საქართველოს პრეზიდენტმა და პარლამენტის 30-მა წევრმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს არჩევნების ფარულობის დარღვევისა და საყოველთაო, თავისუფალი არჩევნების უფლების დარღვევის გამო. საქართველოს პრეზიდენტს არ მოუწვევია იმ პარლამენტის პირველი სხდომა, რომლის ლეგიტიმურობაც და შესაბამისად, მისი წევრების არჩევის კანონიერებაც საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვის საგანი უნდა გახდეს". - წერია განცხადებაში.





