რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

პუტინმა და ერდოღანმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაზრდაზე ისაუბრეს

რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ვლადიმირ პუტინი
AP

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სატელეფონო საუბრისას ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობის გაზრდაზე ისაუბრეს.

"23 ოქტომბერს ყაზანში დაწყებული საუბრის გაგრძელებით, არსებითად იქნა განხილული ორმხრივ დღის წესრიგში ამჟამინდელი საკითხები, ვაჭრობის ეფექტიანობის გაზრდასა და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე აქცენტით". - წერია კრემლის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ამას გარდა, რუსული პროპაგანდისტული არხის РИА Новости-ს ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერმა ასევე ზოგიერთ საერთაშორისო საკითხზეც ისაუბრეს.

ხოლო თურქული მხარის განცხადების მიხედვით, ერდოღანმა პუტინს უთხრა, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაფართოება სურს.

"პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ მისი მიზანია, თურქეთსა და რუსეთს შორის რამდენიმე სფეროში თანამშრომლობა გაიზარდოს, კონკრეტულად, ვაჭრობის მოცულობის გაზრდის მხრივ". - წერია თურქეთის პრეზიდენტის უწყების განცხადებაში.

მიუხედავად იმისა, რომ ერდოღანმა თავდაპირველად უკრაინაში რუსეთის შეჭრა დაგმო, თურქეთმა მოგვიანებით ომში ნეიტრალური პოზიცია დაიკავა და რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდა, რაც ერდოღანმა თურქეთის რუსულ გაზსა და ბუნებრივ აირზე დამოკიდებულებით ახსნა.

2023 წლის სექტემბერში აშშ-მ ხუთი თურქული კომპანია დაასანქცირა, რუსეთის თავდაცვის ფირმებისთვის პროდუქციის მიწოდებისთვის და მომსახურების გაწევისთვის.

ერდოღანსა და პუტინს შორის პირისპირ შეხვედრა ოქტომბერში ყაზანში გამართული BRICS-ის სამიტის პარალელურად შედგა.

კომენტარები