The Telegraph-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, რუსეთი გეგმავს, რომ დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ მასშტაბური კიბერშეტევა განახორციელოს მას შემდეგ, რაც უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე ბრიტანული წარმოების შორი რადიუსის Storm Shadow რაკეტებით პირველად მიიტანა იერიში. გამოცემის ცნობით, ამის შესახებ 25 ნოემბრის კონფერენციაზე NATO-ს დიდი ბრიტანეთის მთავრობათაშორისი ურთიერთობების მინისტრი, პატ მაკფადენი გააფრთხილებს.
მაკფადენი NATO-ს კონფერენციაზე იტყვის, რომ ვლადიმირ პუტინს სურს და შეუძლია, დიდ ბრიტანეთზე "შემასუსტებელი და მადესტაბილიზებელი" დარტყმა განახორციელოს.
"რუსეთი გამორჩეულად აგრესიული და დაუნდობელია კიბერსამყაროში და სურს, რომ იმ სახელმწიფოებზე, რომლებიც უკრაინას უჭერენ მხარს, სტრატეგიული უპირატესობა მოიპოვოს". - Telegraph-ის ცნობით, იტყვის ბრიტანელი მინისტრი.
მაკფადენის თქმით, რუსეთმა შესაძლოა, კიბერთავდასხმა ბრიტანულ მედიაზე, სატელეკომუნიკაციო კომპანიებზე, პოლიტიკურ და დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ენერგო ინფრასტუქტურაზე განახორციელოს.
"სამხედრო ძალა ერთია, თუმცა კიბერომი შემასუსტებელი და მადესტაბილიზებელი შეიძლება იყოს. კიბერშეტევებით რუსეთმა შეიძლება მილიონობით ადამიანს ჩაუქროს შუქი. მას ელექტრული ქსელების გათიშვა შეეძლება. ეს არის ის ფარული ომი, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს". - თქვა მაკფადენმა.
ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტში ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათ რუსეთის მიერ ამ გეგმის განხორციელების ხელშეშლა არ შეუძლიათ, ისინი ყოველ ღონეს იხმარენ, რათა ქვეყნის მასშტაბით ელექტრომომარაგების შეწყვეტის შემთხვევები თავიდან აიცილონ.
ეს არ იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც კრემლის დავალებით რუსი ჰაკერები დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ კიბერშეტევებს განახორციელებენ. მიმდინარე წლის დასაწყისში რუსი ჰაკერების სამიზნე ლონდონში არსებული 3 საავადმყოფო და რამდენიმე ადგილობრივი საბჭო გახდა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამხედრო სამიზნეებზე პირველად მიიტანა იერიში ბრიტანული Storm Shadow-ს ტიპის რაკეტებით.
21 ნოემბერს კი რუსეთმა უკრაინის ქალაქ დნეპრზე იერიში საშუალო მანძილის ბალისტიკური რაკეტა Орешник-ით მიიტანა, რაც გაფრთხილება იყო იმ ქვეყნებისადმი, მათ შორის, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მიმართ, რომლებმაც უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე შორი რადიუსის რაკეტების გამოყენების უფლება მისცეს.