თბილისის რიგით 25-ე საერთაშორისო კინოფესტივალი ტატო კოტეტიშვილის ახალი ფილმით წმინდა ელექტროენერგია 1 დეკემბერს გაიხსნება.
2024 წლის ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრაჟიანი მხატვრული, 6 სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური, 9 მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი.
გამარჯვებულებს გამოავლენს საერთაშორისო ჟიური.
მხატვრული ფილმების კონკურსის ჟიურის წევრები არიან:
- ზემი დემირკუბუზი (თურქეთი)
- კატალინ გიურკე (უნგრეთი)
- ჯენა ჰასე (შვეიცარია)
დოკუმენტური ფილმების კონკურსის ჟიურის წევრები არიან:
- ჰელკე მისელვიცი (გერმანია)
- რუთ ზილბერმანი (საფრანგეთი)
- აუდრიუს სტონისი (ლიტვა)
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე ორ ჯილდოს გასცემს. კატეგორიაში ადამიანის უფლებები კინოში ჯილდო გადაეცემა დოკუმენტური და მხატვრული მიმართულების გამორჩეულ ფილმებს, რომელთა თემატიკაც ადამიანის უფლებათა საკითხს ეხმიანება.
გამარჯვებულებს სპეციალურად შერჩეული ჟიურის წევრები გამოავლენენ და ფესტივალის დახურვის ცერემონიალზე დააჯილდოვებენ.
წელს საკონკურსო ფილმების გარდა, ქართულ პანორამაში ვიხილავთ სტუდენტური ფილმების არასაკონკურსო სექციას, რომელშიც ნაჩვენები იქნება დებიუტანტი ავტორების მოკლემეტრაჟიანი ფილმები.
საკონკურსო პროგრამის გარდა, ფესტივალი წარმოადგენს ევროპული და მსოფლიო კინოს საუკეთესო ნამუშევრებს შემდეგ სექციებში:
- ევროპული ფორუმი
- ევროპის კინოაკადემია წარმოგიდგენთ
- ოსკარის მაძიებლები
- დამზადებულია გერმანიაში
- ბრიტანული პროგრამა
- უკრაინული ამბავი
- ევროპის ტური
- აპოლო: კინოს მეხსიერება
- განსაკუთრებული სეანსები
ბილეთების გაყიდვა დაიწყება უახლოეს დღეებში პლატფორმებზე: https://tkt.ge, https://biletebi.ge, https://www.kinoafisha.ge





