კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა 19 ნოემბერს განაცხადა, რომ ღაზის სექტორის გარეთ ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის ყველაზე მაღალი რანგის ლიდერი, ხალილ ალ-ჰაია, და დაჯგუფების სხვა მნიშვნელოვანი პირები მოლაპარაკებების გუნდიდან დოჰაში უკვე აღარ იმყოფებიან. აღნიშნული ინფორმაცია პალესტინის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმაც დაადასტურა.
კატარელი მაღალჩინოსნის თქმით, ჰამასის ოფისი აღარ ფუნქციონირებს, რადგან კატარი ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის შუამავლის როლს აღარ ასრულებს, თუმცა, მან დაამატა, რომ ოფისი სამუდამოდ არ დახურულა.
ამასთანავე, პალესტინის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა BBC-სთან საუბრისას განაცხადა, რომ ჰამასის მოლაპარაკების გუნდის წევრებმა რეგიონში მათი ყოფნა ვითარებას მოარგეს და ადგილსამყოფლის საიდუმლოდ დატოვება გადაწყვიტეს, რათა მასპინძელ ქვეყნებს სირთულეები არ შეუქმნან.
მანამდე, 9 ნოემბერს, CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ს მოთხოვნის საფუძველზე კატარი ქვეყნიდან ჰამასის ლიდერებს გააძევებდა. გასულ კვირას აღნიშნული ცნობები დოჰამ უარყო.
ჰამას-ისრაელის ომის შეჩერების მიზნით, რამდენიმე კვირის წინ აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა კატარელ კოლეგებს განუცხადეს, რომ მათ დედაქალაქ დოჰაში ჰამასის ლიდერებისთვის თავშესაფრის მიცემა უნდა შეეწყვიტათ. როგორც CNN ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, კატარი წინადადებას დათანხმდა და ჰამასი ამის შესახებ გააფრთხილა.
მოგვიანებით, ისრაელის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, KAN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პალესტინური ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის მაღალჩინოსნები, კატარის მიერ მათი ქვეყნიდან გაძევების შემდეგ, თურქეთში იმყოფებიან. ხოლო გამოცემა Times of Israel-მა არაბ დიპლომატზე დაყრდნობით დაწერა, რომ ჰამასის ლიდერებმა კატარიდან თურქეთში გასულ კვირას გადაინაცვლეს.
თუმცა მედიაში გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით თურქმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. Reuters-ის ცნობით, დიპლომატმა ასევე დაამატა, რომ პალესტინური ტერორისტული დაჯგუფების წევრები ქვეყანას უბრალოდ "დროდადრო სტუმრობდნენ ხოლმე".