შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეკრებილებს ჭავჭავაძის გამზირის გათავისუფლებისთვის 15 წუთი მისცა.
ამის შესახებ აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს, გიორგი ვაშაძეს ადგილზე აცნობეს. განცხადება გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც.
"შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 პრიმა მუხლის თანახმად, დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვა, თუ აღნიშნულის საჭიროებას არ განაპირობებს მონაწილეთა რაოდენობა.
ამჟამად ჭავჭავაძის გამზირზე აქციაზე მყოფ პირთა რაოდენობა არ მოითხოვს გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას.
აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოვუწოდებთ გაათავისუფლონ გზა და შეწყვიტონ ტრანსპორტის სავალ ნაწილზე შეკრება/მანიფესტაცია და პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში." - წერს შსს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
დემონსტანტრები თსუ-ს პირველ კორპუსთან 17 ნოემბერს შეიკრიბნენ, სადაც კოალიცია ცვლილებისთვის და ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა განაცხადეს, რომ შემდეგი 24 საათი უნივერსიტეტთან დარჩებოდნენ და "წინააღმდეგობის მოძრაობა" დააანონსეს.
18 ნოემბერს, პროტესტში მონაწილე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, თსუ-ს პირველ კორპუსთან აქციის 24 საათით გაგრძელების შესახებ გამოაცხადეს. ნიკა მელიას თქმით, ამოცანა თბილისის პროტესტით მოცვა და ჭავჭავაძის გამზირის მსგავსი ბევრი კერის შექმნაა.
19 ნოემბერს გამთენიისას შსს-მ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით დაშალა. ამის შემდეგ, აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირზე გადაინაცვლეს.
დაახლოებით, 20:00 საათისთვის, კოალიცია ცვლილებისთვის და ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა მელიქიშვილის გამზირზე განაცხადეს, რომ აქცია კვლავ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაბრუნდებოდა.
"დღეს, აქ, ჩვენ ვაპირებთ დავრჩეთ მთელი ღამე და ეს კერა შევინარჩუნოთ და მოდით აბა გაბედეთ და ისევ დაგვარბიეთ, თუ მაგრები ხართ. ვაპირებთ ვიბრძოლოთ მანამ, სანამ საბოლოო გამარჯვებას არ მოვიპოვებთ." - თქვა გიორგი ვაშაძემ სახელმწიფო უნივერსიტეტთან გადანაცვლების შემდეგ.
საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, 20 ნოემბრის 02:00 საათისთვის, აქციის მონაწილე სტუდენტთა ნაწილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში შევიდა. მათი მოთხოვნა, რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომაა.