რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა უკრაინის მიერ ბრიანსკის ოლქზე ამერიკული წარმოების შორი რადიუსის სარაკეტო სისტემებით, ATACMS-ებით მიტანილ იერიშს იმის ნიშანი უწოდა, რომ დასავლეთს ომში "ესკალაცია" სურს.
ამის შესახებ მან რიო-დე-ჟანეიროში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, სადაც დიდი ოცეულის (G20) სამიტი იმართება.
ლავროვმა თქვა, რომ ATACMS-ის ტიპის რაკეტები 18 ნოემბრის ღამით ბრიანსკის ოლქში იერიშებისთვის "არაერთხელ" იყო გამოყენებული.
"ეს, რა თქმა უნდა, იმის სიგნალია, რომ მათ ესკალაცია სურთ. ამერიკელების გარეშე ამ მაღალტექნოლოგიური რაკეტების გამოყენება, რაზეც პუტინმა მრავალჯერ ისაუბრა, შეუძლებელია. ის გაფრთხილებას იძლეოდა იმის შესახებ, თუ როგორ შეიცვლება ჩვენი პოზიცია, თუ დამტკიცდება ეს შორსმავლობა, რომელსაც ისინი ახლა განიხილავენ, ანუ 300 კილომეტრამდე. არსებითად კი, არ არის დამტკიცებული, რომ უკრაინამ შორი რადიუსის რაკეტები გამოიყენოს, ეს განცხადება, რომ ახლა 300 კილომეტრამდე მიიტანენ იერიშს". - თქვა ლავროვმა.
ლავროვი ირწმუნება, რომ ვერ ადასტურებს, აშშ-მ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე შორი რადიუსის რაკეტების გამოყენების ნება დართო უკვე თუ არა.
"ვერ დავადასტურებ, ყველა კი ისე წერს, თითქოს გადაწყვეტილი საქმე იყოს. ბორელმაც კი თქვა, რომ ეს ოფიციალურია, ხოლო ევროპელები მსჯელობდნენ, მაგრამ გადაწყვიტეს, რომ ყველამ თავისით გადაწყვიტოს, დართოს უკრაინელებს თავისი შორი რადიუსის იარაღის გამოყენების ნება თუ არა". - თქვა ლავროვმა.
ლავროვმა დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთის განახლებული ბირთვული მოძღვრება წაიკითხონ.
კითხვის საპასუხოდ, განიხილავენ თუ არა ბრიანსკის ოლქზე მიტანილ იერიშზე ბირთვულ პასუხს, ლავროვის თქმით, რუსულ ხელისუფლებაში "დარწმუნებულები არიან, რომ ბირთვული იარაღის მოწოდება, უპირველეს ყოვლისა, არის ნებისმიერ ბირთვული ომის შეჩერება".
"სწორედ ამ გადმოსახედიდან ვაფასებთ მოცემულ ვითარებას". - თქვა ლავროვმა.
მანამდე, უკრაინული გამოცემა RBC Ukraine-ის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე, ბრიანსკის ოლქში ATACMS-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტებით პირველი წარმატებული იერიში მიიტანა.
აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა ქვეყნის თავდაცვის ძალებიდან საკითხში გარკვეულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებდა.
გამოცემა New York Times-მა ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ რომ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას პირველად დართო ნება, რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში იერიშებისთვის აშშ-ს მიერ მიწოდებული შორი რადიუსის რაკეტები, როგორიცაა ATACMS-ები, გამოიყენოს.
მოგვიანებით, გამოცემა ამერიკულ Axios-ს საკითხში გარკვეულმა წყარომ დაუდასტურა, რომ ATACMS-ების გამოყენების უფლება მხოლოდ კურსკის ოლქზე ვრცელდება. წყაროს თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ უკრაინას დაახლოებით სამი დღის წინ აცნობეს.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 17 ნოემბერს მედიაში გავრცელებულ ცნობებს მალევე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "დარტყმების მიტანა სიტყვებით არ ხდება. ასეთ რაღაცებს წინასწარ არ აცხადებენ. რაკეტები სათქმელს თავად იტყვიან".
რას ნიშნავს უკრაინისთვის შორი რადიუსის რაკეტების რუსეთში გამოყენებაზე შეზღუდვის მოხსნა





