საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ უკრაინისთვის რუსეთში, კურსკის ოლქში ამერიკული წარმოების შორი რადიუსის სარაკეტო სისტემების გამოყენებაზე შეზღუდვის მოხსნით აშშ-მ "კარგი გადაწყვეტილება" მიიღო.
ამის შესახებ მაკრონმა რიო-დე-ჟანეიროში დიდი ოცეულის (G20) სამიტზე ისაუბრა.
მაკრონის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციამ ეს ნაბიჯი რუსეთის მიერ ომში ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების ჩართვის გამო გადადგა.
"რუსეთი არის ერთადერთი ძალა, რომელმაც ესკალაციური გადაწყვეტილება მიიღო. [...] ნამდვილად ამ გარდატეხამ განაპირობა ეს გადაწყვეტილება". - თქვა მაკრონმა რეპორტიორებთან საუბრისას.
მანამდე, ბაიდენის გადაწყვეტილების შესახებ ცნობებს კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი გამოეხმაურა. მან თქვა, რომ ასე ბაიდენის ადმინისტრაცია "დაძაბულობის ესკალაციას" ცდილობს. მისივე თქმით, "ეს თვისებრივად დაძაბულობის ახალი ფაზაა და თვისებრივად ახალი სიტუაციაა აშშ-ს მიერ ამ კონფლიქტში ჩართვის თვალსაზრისით".
"თუმცა ცხადია, რომ ვაშინგტონის ადმინისტრაცია, რომელიც მალე ჩანაცვლდება, მიზნად ისახავს, რომ ამგვარი ნაბიჯები გადადგას, რათა ცეცხლზე ნავთის დასხმა გააგრძელოს და ამ კონფლიქტის გარშემო არსებული დაძაბულობის შემდგომი ესკალაცია მოახდინოს". - თქვა პესკოვმა.
ბრაზილიური გაზეთი O Globo-ს ინფორმაციით, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ დასავლეთ ნახევარსფეროს საკითხებში, ბრაიენ ა. ნიკოლსმა, დიდი ოცეულის (G20) სამიტზე უკრაინის ომზე ისაუბრა და დაადასტურა მანამდე გავრცელებული ცნობა, რომ აშშ-მ უკრაინას კურსკის ოლქში შორი რადიუსის რაკეტების გამოყენების ნება დართო.
17 ნოემბერს გამოცემა New York Times-მა ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ რომ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას პირველად დართო ნება, რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში იერიშებისთვის აშშ-ს მიერ მიწოდებული შორი რადიუსის რაკეტები, როგორიცაა ATACMS-ები, გამოიყენოს.
მოგვიანებით, გამოცემა ამერიკულ Axios-ს საკითხში გარკვეულმა წყარომ დაუდასტურა, რომ ATACMS-ების გამოყენების უფლება მხოლოდ კურსკის ოლქზე ვრცელდება. წყაროს თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ უკრაინას დაახლოებით სამი დღის წინ აცნობეს.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 17 ნოემბერს მედიაში გავრცელებულ ცნობებს მალევე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "დარტყმების მიტანა სიტყვებით არ ხდება. ასეთ რაღაცებს წინასწარ არ აცხადებენ. რაკეტები სათქმელს თავად იტყვიან".
რას ნიშნავს უკრაინისთვის შორი რადიუსის რაკეტების რუსეთში გამოყენებაზე შეზღუდვის მოხსნა





