არჩევნები 2024

მელია: შემდეგი 24 საათის განმავლობაში აქციაზე ვრჩებით

კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერებმა, ელენე ხოშტარიამ და ნიკა მელიამ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადეს, რომ ისინი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ ღამეს გაათევენ და აქციაზე 24 საათის განმავლობაში დარჩებიან. 

"წინააღმდეგობის მოძრაობა დაწყებულია. ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ. ჩვენ არ ვაპირებთ ოცნების დღის წესრიგით სიარულს. ასევე, ჩვენ არ ვაპირებთ მათი ძალადობრივი გეგმებით სიარულს. ჩვენ ვართ არაძალადობრივი, მტკიცე წინააღმდეგობის მოძრაობა. ამიტომ ჩვენ დღეს მოვუწოდებთ ყველას, მათ შორის, რუსთაველის გამზირზე მყოფ ხალხს, ვაცნობებთ მათ, რომ აქ ვჩერდებით, დღეს თსუ-სთან გავათევთ ღამეს, 24 საათი ვიქნებით აქ, გაგაცნობთ ყველა შემდგომ გეგმას და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ არ იქნება ახალი და სამართლიანი არჩევნები - არჩევნები, რომელსაც იმსახურებს საქართველოს მოსახლეობა". - თქვა ელენე ხოშტარიამ. 

ხოშტარიას თქმით, აქცია "ქაოტური პროცესი" არ იქნება და ქართველი ხალხი "დაანახებს ევროპას, რომ ჩვენი თავისუფლებისთვის ვიბრძვით". 

"დღეიდან, საღამოს 8 საათიდან 24 საათის განმავლობაში თბილისის ეს ტერიტორია გადაიკეტება. ჩვენ გადავდივართ არაძალადობრივი პროტესტის სხვა ეტაპზე. გადავდივართ იმ ეტაპზე, რომელსაც ჩვენი წარსული, აწმყო და მომავალი გვკარნახობს. [...]

დღეიდან ჩვენ ვმოქმედებთ მხოლოდ და მხოლოდ ადეკვატურად. ერთი სიტყვით, 24 საათის განმავლობაში, ხვალ საღამოს 8 საათამდე თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ცენტრალურ ადგილას ვრჩებით, უნივერსიტეტის წინ. შემდგომი განცხადებები მოგვიანებით გაკეთდება". - თქვა ნიკა მელიამ. 

პარლამენტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ საპროტესტო აქცია, სახელწოდებით "დაიბრუნე ხმა" მიმდინარეობს. პროტესტს მსვლელობით შეუერთდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც. მათ აქციაზე ერთობლივი მანიფესტი წაიკითხეს. 

კომენტარები