ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ოპოზიცია ე.წ. პარლამენტთან მიმდინარე აქციის პარალელურად განცხადებას აქვეყნებს.
განცხადებაში, ე.წ. ოპოზიციონერები ხაზს უსვამენ, რომ საპროტესტო აქცია მიმართულია ასლან ბჟანიას რეჟიმის წინააღმდეგ და არა – "რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების წინააღმდეგ".
"მიტინგის მონაწილეების ქმედებები არ არის მიმართული რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების წინააღმდეგ. პირიქით, ჩვენ, როგორც ოპოზიცია, ყოველთვის ხაზს ვუსვამდით ჩვენ ქვეყნებს შორის არსებული ძმური და სტრატეგიული კავშირების მნიშვნელობას. თუმცა, ასლან ბჟანია თავისი მმართველობის წლების განმავლობაში ცდილობდა, რომ ეს ურთიერთობები საკუთარი სარგებლისთვის გამოყენებინა, მანიპულირებდა [ამ ურთიერთობებით], რათა გაეძლიერებინა საკუთარი რეჟიმი.
ჩვენ არაერთხელ გავაფრთხილეთ [ბჟანია], რომ ასეთი რიტორიკა და აშკარა ტყუილი, რომელსაც ბჟანია არ ერიდებოდა, გავლენას მოახდენდა არა რუსეთთან ურთიერთობაზე, არამედ უფრო მეტად – აფხაზეთის შიდა მდგომარეობაზე. ამ მანიპულაციებს მხოლოდ ნეგატიური შედეგები მოჰყვა, რამაც პირველ რიგში თავად ბჟანიას დაარტყა და არა ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეებს.
დღეს აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ არა იმისთვის, რომ ჩვენს მოკავშირეებს დაუპირისპირდნენ, არამედ იმისთვის, რომ აფხაზეთის ეროვნული ინტერესები, მისი ბუნებრივი რესურსები და სიმდიდრეები, რომლის მისაკუთრებასაც ბჟანია პირადი სარგებლისთვის ცდილობდა.
აფხაზ ხალხს ყოველთვის ერთი მთავარი მოთხოვნა ჰქონდა: მოქალაქეების ინტერესების დაცვა. მიუხედავად ამისა, არც პრეზიდენტი და არც პარლამენტი დღემდე არ აპირებდნენ ხალხის ხმის მოსმენას.
აუცილებლად აღსანიშნავია ისიც, რომ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების ნაწილმა მხარი დაუჭირეს აქციის მონაწილეებს, რაც კიდევ ერთი დასტურია აფხაზი საზოგადოების ერთიანობის, როდესაც საქმე ეროვნული ინტერესების დაცვას ეხება. ეს მიუთითებს იმაზე, რომ სამართლიანობისა და სამშობლოს დაცვის საკითხი, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, ყველა ქვეყნის მოქალაქეს აერთიანებს"
მანამდე, სოხუმში მომიტინგეები თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის შენობის ეზოში შეიჭრნენ და შენობას ალყა შემოარტყეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მომიტინგეების ეზოში შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე შენობა დატოვა თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტში ჩაიშალა სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესი.
11 ნოემბერს ე.წ. ოპოზიციის ლიდერები დააკავეს, მარიონეტული რეჟიმი აცხადებდა, რომ "მათ ჩაიდინეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებები პარლამენტის ერთ-ერთი დეპუტატის მიმართ". საუბარია, ალმას აქაბაზე.
ოპოზიციონერების დაკავებას სოხუმში საპროტესტო აქციები მოჰყვა, მომიტინგეებმა ჩაკეტეს სოხუმისკენ მიმავალი სამივე ხიდი – კოდორის, გუმისთისა და ქვემო გუმისთის ხიდები. დაკავებულების გათავისუფლების შემდეგ კი მომიტინგეებმა გუმისთის ხიდი გახსნეს, რომელზეც ოკუპირებული რეგიონის ცენტრალური გზატკეცილი გადის.
საპროტესტო აქციების ფონზე აფხაზეთის თვითგამოცხადებულმა ხელისუფლებამ ოპოზიციის წარმომადგენლები გაათავისუფლა.
ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციური პარტიის, სახალხო ერთობის ფორუმის ერთ-ერთი ლიდერის, ასლან ბარციცის თქმით, დაკავების დროს მისი კოლეგები გუდაუთიდან ბრუნდებოდნენ, სადაც მოქალაქეებს შეხვდნენ და რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელმოწერილი შეთანხმებაზე ისაუბრეს.
აფხაზური ოპოზიცია რუსულ-აფხაზური საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირებას ეწინააღმდეგება და განხილვის პარალელურად, 15 ნოემბერს დე ფაქტო პარლამენტთან საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავდა.
"რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელებასთან" დაკავშირებული კანონის მიზანი მარიონეტული რეჟიმის განმარტებით, "საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერა, ეკონომიკის შემდგომი განვითარება და მოქალაქეების მდგომარეობის გაუმჯობესებაა".
ოპოზიციის წარმომადგენლები კი ხაზს უსვამენ, რომ კანონპროექტი რუს ინვესტორებს პრივილეგიებს აძლევს, მათ შორის, განსაზღვრული დროით ათავისუფლებს დღგ-სგან, აძლებს ე.წ. საბაჟო გადასახადის გარეშე მუშაობის საშუალებას და ითვალისწინებს, ოკუპირებულ რეგიონში რუსული ბანკის გახსნას, რომლითაც საინვესტიციო თანხები იმოძრავებს.
ამასთან, კანონპროექტის მიღების წინ დე ფაქტო პარლამენტმა "მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების შესახებ" მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა ორი მოსმენით უკვე მიიღო. ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებით, მარიონეტული რეჟიმი ცდილობს "მრავალფუნქციური ცენტრების მშენებლობის" შესახებ ჩანაწერით, დააკანონოს ივლისში გაწვეული "აპარტამენტების კანონი", რომელიც, მათ შორის, რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების მიყიდვის უფლებას მოიცავდა.





