აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი "უნდა შეჩერდეს" და ამ საკითხზე "ძალიან ბევრს იმუშავებენ".
ამის შესახებ ტრამპმა ფლორიდაში, თავის მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
ამასთან, ტრამპის თქმით, მისი ადმინისტრაცია "აპირებს, რომ ახლო აღმოსავლეთზე იმუშაოს".
"ჩვენ ვაპირებთ, რომ ახლო აღმოსავლეთზე ვიმუშაოთ და ძალიან ბევრს ვიმუშავებთ რუსეთსა და უკრაინაზე. ეს უნდა შეჩერდეს. რუსეთი და უკრაინა უნდა შეჩერდნენ. დღეს ცნობა ვნახე, რომ ბოლო 3 დღის განმავლობაში ათასობით ადამიანი მოკვდა, ათასობით და ათასობით ადამიანი იყო მოკლული. ისინი ჯარისკაცები იყვნენ, მაგრამ იმის მიუხედავად, ჯარისკაცები არიან თუ დასახლებაში მცხოვრები ხალხი, ამ საკითხზე ვიმუშავებთ". - თქვა ტრამპმა.
აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ "კორუმპირებულ, გაფუჭებულ და წარუმატებელ ბიუროკრატიებს გაასუფთავებენ" და "ბავშვების სექსუალურ დასახიჩრებას დაასრულებენ".





