აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარ პლატფორმა Truth Social-ზე განაცხადა, რომ კონგრესმენ მეტ გეიცს იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე დანიშნავს.
"ცოტა საკითხია ამერიკაში უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ჩვენი მართლმსაჯულების სისტემის მიკერძოებულ იარაღად გამოყენების დასრულება. მეტი დაამთავრებს მთავრობის იარაღად გამოყენებას, დაიცავს ჩვენს საზღვრებს, დაშლის კრიმინალურ ორგანიზაციებს და აღადგენს ამერიკელების ცუდად დამსხვრეულ რწმენასა და ნდობას აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტში". - განაცხადა ტრამპმა.
CNN-ის ინფორმაციით, ფლორიდელმა კონგრესმენმა მეტ გეიცმა, რომელიც ტრამპის ერთგულ პირად ითვლება, ბოლო კვირების განმავლობაში რამდენიმე დღე მარ-ა-ლაგოში გაატარა. ტრამპის განცხადებას გეიცი X-ზე გამოეხმაურა და თქვა, რომ თანამდებობაზე "მსახურობა მისთვის პატივი იქნება".
როდესაც ტრამპი მეტ გეიცს თანამდებობაზე ფორმალურად წარადგენს, მის დამტკიცებას აშშ-ს სენატის თანხმობა დასჭირდება, რის გამოც ეს პროცესი, სავარაუდოდ, გამოწვევების გარეშე არ ჩაივლის. სენატის თანხმობის შემთხვევაში კი გეიცი ქვეყნის იმ უმაღლესი სამართალდამცავი სააგენტოს ხელმძღვანელი გახდება, რომელიც წლების მანძილზე მისი სექსუალური ძალადობის სავარაუდო დანაშაულებზე საქმეების გამოძიებას ცდილობდა. იუსტიციის დეპარტამენტმა 2023 წელს საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ გეიცს სისხლის სამართლის ბრალდებებს არ წაუყენებდა.
ტრამპის განცხადების გამოქვეყნების შემდეგ გეიცმა წარმომადგენელთა პალატაში თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა, რომელიც პალატის სპიკერის მაიკ ჯონსონის თქმით, "მოქმედებაში დაუყოვნებლივ შედის".
"ეს ჩვენთვის ოდნავ მოულოდნელი იყო". - განაცხადა ჯონსონმა გეიცის თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით. მისი თქმით, მეტ გეიცმა თანამდებობა დატოვა, რათა წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელების მცირე უმრავლესობის ფონზე, მისი შემცვლელის დასახელების პროცესი სწრაფად წარიმართოს.
2023 წელს მეტ გეიცმა გადამწყვეტი როლი ითამაშა მაშინდელი სპიკერის კევინ მაკკარტის თანამდებობიდან ჩამოშორებაში, რამაც პალატაში კვირების განმავლობაში ქაოსური ვითარება გამოიწვია.