ქართული ლეგიონი

ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სასამართლომ საქართველოს 2 მოქალაქე დაუსწრებლად დააკავა

ოკუპირებული დონეცკის ე.წ. პროკურატურამ საქართველოს 2 მოქალაქის, ლადო გამსახურდიასა და ქართლოს რუსიტაშვილის წინააღმდეგ უზენაეს სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ინფორმაციას რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული გამოცემა TACC რუსეთის გენერალური პროკურატურის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს

ე.წ. პროკურატურა ქართული ლეგიონის უკრაინაში მებრძოლ წევრებს დაქირავებულ მებრძოლად მსახურობაში სდებს ბრალს. სისხლის სამართლის საქმის განხილვა დონეცკის ე.წ. უზენაეს სასამართლოში ბრალდებულთა დაუსწრებლად ჩატარდება. 

როგორც TACC წერს, "გამოძიებამ" დაადგინა, რომ გამსახურდია და რუსიტაშვილი მოხალისეობრივად შეუერთდნენ სამხედრო დანაყოფ ქართულ ლეგიონს, სადაც ისინი უცხოეთის მოქალაქეების მიღებასა და მათთვის წვრთნების ჩატარებაზე იყვნენ პასუხისმგებლები. 

"ორივე ბრალდებული საერთაშორისოდ ძებნილთა სიაშია, ამიტომ სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, აღკვეთის ღონისძიების სახით, ორივე მათგანი დაუსწრებლად დაეკავებინა". - წერს TACC. 

მიმდინარე წლის ივნისიდან ქართული ლეგიონი რუსეთში ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული. 

2023 წლის ოქტომბერში უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის მეთაური მამუკა მამულაშვილი რუსეთმა ძებნილთა სიაში შეიყვანა, ხოლო მიმდინარე წლის 24 თებერვალს სასამართლომ მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

კომენტარები