ჩინეთი

ჩინეთში მანქანა ხალხში შევარდა და 35 ადამიანი მოკლა

vian REUTERS

ჩინეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ ჭუხაიში, სპორტული ცენტრის გარეთ, სავარჯიშოდ შეკრებილ ხალხში ავტომანქანა შევარდა და 35 ადამიანი მოკლა. შემთხვევა 11 ნოემბრის ღამეს მოხდა.

ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიის, CCTV-ის ინფორმაციით, დაშავებულია კიდევ 43 პირი. მანქანის 62 წლის მძღოლი, გვარად ფანი, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა, პოლიციამ მისი პოვნა და დაკავება შეძლო.

დანაშაულის ზუსტი მოტივი ამ დროისთვის უცნობია, თუმცა, წინასწარი გამოძიება ვარაუდობს, რომ ფანმა დანაშაული განქორწინების შემდეგ ქონების გადანაწილებით უკმაყოფილების გამო ჩაიდინა.

შემთხვევას გამოეხმაურა ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინფინგი და თქვა, რომ მძღოლი ჩინეთის კანონების შესაბამისად უნდა დაისაჯოს.

აღსანიშნავია, რომ შემთხვევა 12-17 ნოემბერს დაგეგმილი, ჩინეთის სამოქალაქო და სამხედრო ავიაციის ყველაზე დიდი საჰაერო შოუს დაწყებამდე საათებით ადრე მოხდა.

ჩინეთში, სადაც ძალადობრივი დანაშაულები, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ზოგადად, დაბალია, ბოლო პერიოდში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თავდასხმები ხშირად ხდება.

ოქტომბერში პეკინში პოლიციამ 50 წლის კაცი დააკავა, რომელმაც დაწყებით სკოლასთან 5 ადამიანი დაჭრა, მათ შორის, 3 ბავშვი.

მანამდე, სექტემბერში, შანხაიში, სუპერმარკეტში დანით თავდამსხმელმა 3 ადამიანი მოკლა და 15 დაჭრა. ასევე სექტემბერში, შანტონგის პროვინციის ქალაქ თაიანში მდებარე სკოლის გარეთ ავტობუსი მოსწავლეებისა და მათი მშობლების ჯგუფში შევარდა და 11 მათგანი მოკლა.

კომენტარები