არჩევნები 2024

ქურდოვანიძე: ცესკოში ოცნების წევრმა დაადასტურა, რომ კამერები უბნებზე მათ ეკუთვნოდათ

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის თქმით, საარჩევნო კომისიაში ქართული ოცნების მიერ დანიშნულმა წევრმა დღეს ცესკოს სხდომაზე დაადასტურა, რომ კამერები, რომლებიც საარჩევნო უბნებზე იყო დამონტაჟებული, ქართულ ოცნებას ეკუთვნოდა. 

"დღევანდელმა სხდომამ აჩვენა, რომ ცესკოს ნეიტრალური წევრები ფორმალურადაც ვერ იცავდნენ ნეიტრალურობას და ზოგიერთი მათგანი პირდაპირ აჟღერებდა საიას წინააღმდეგ იგივე ბრალდებებს, რაც მმართველი გუნდის მხრიდან ბოლო დღეებში ისმის. მათ შორის, სვამდნენ ისეთ კითხვებს, რომლებსაც საერთოდ არ აქვს შემხებლობა განსახილველ საკითხთან. მაგალითად, ჩვენი დამკვირვებლებისათვის ჩატარებული ტრენინგების შინაარსს ვუთანხმებთ თუ არა დონორებს.

ამის მიუხედავად, საინტერესო დადასტურებაც მივიღეთ ამ სხდომიდან, ქართული ოცნების მიერ დანიშნულმა წევრმა დაადასტურა, რომ კამერები, რომლებიც უბნებზე იყო, მათ ეკუთვნოდათ". - წერს ქურდოვანიძე Facebook-ზე. 

საიას თავმჯდომარის ცნობით, სასამართლოში საჩივრების განხილვას, მათ შორის, საიას საჩივარს ხმის ფარულობის უფლების დარღვევასთან დაკავშირებით, რამდენიმე საათიანი სხდომა დაეთმო, თუმცა ცესკო სხდომაში არც მოპასუხე სუბიექტად და არც მესამე პირად მონაწილეობდა.

"მართალია, ამ საკითხზე სასამართლო განხილვები უკვე შედგა, თუმცა, ის ეხებოდა საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებს, ამჯერად გასაჩივრებული იყო საოლქო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმები. ეს სამართლებრივად სხვადასხვა აქტებია. გარდა ამისა, პირველ დავაში ცესკო არ მონაწილეობდა როგორც მოპასუხე და ჩვენი შუამდგომლობის მიუხედავად, სასამართლომ არც მესამე პირად ჩართო. პროცესზე ცესკოს იურიდიული დეპარტამენტი წარმოადგენდა არა ცესკოს, არამედ მათ ჰქონდათ ოლქების წარმომადგენლობის უფლებამოსილება. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ დავაში შემოგვეყვანა ცესკო, როგორც სუბიექტი, რომელიც სინამდვილეში მთავარი მოპასუხე უნდა იყოს". - წერს ქურდოვანიძე. 

ქურდოვანიძის თქმით, საია აღნიშნულ საკითხზე დავას გააგრძელებს და გამოიყენებს "ყველა სამართლებრივ ბერკეტს, რომლის გამოყენებაც დამკვირვებელ ორგანიზაციას შეუძლია". 

კომენტარები