3 ოპოზიციური გაერთიანების ლიდერები, ნიკა გვარამია, თინა ბოკუჩავა და ბადრი ჯაფარიძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდნენ. 2-საათიანი საუბრის შემდეგ, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა კომენტარები გააკეთეს.
კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ ელჩთან საინტერესო და სასარგებლო საუბარი ჰქონდათ.
"ევროკავშირის ელჩთან ძალიან საინტერესო, სასარგებლო და ინფორმატიული საუბარი გვქონდა იმასთან დაკავშირებით, რა ხდება ქვეყანაში, არჩევნებს როგორ ვაფასებთ და დღეისთვის რა მტკიცებულებები გვაქვს, რომლებიც პირდაპირ ადასტურებს, რომ ქართულმა ოცნებამ არჩევნები მიიტაცა. ასევე, ვილაპარაკეთ იმაზე, თუ რა შეიძლება ევროკავშირმა ახლა ქართველი ხალხისთვის გააკეთოს [...]
ელჩის მეშვეობით, ჩვენს მეგობრებს კიდევ ერთხელ ვუთხარით, რომ ქართველი ხალხი ევროპული მომავლის მტკიცე მხარდამჭერია და არჩევნების უფლების წართმევას არასოდეს შეეგუება. ეს მთავარი შეტყობინება იყო, რომელიც ჩვენ ელჩს გადავეცით". - თქვა ბადრი ჯაფარიძემ.
ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ თქვა, რომ ელჩთან საუბრის ერთ-ერთი თემა არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე საერთაშორისო გამოძიების დაწყება იყო.
"ელჩთან შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი საგანი არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიების საკითხი იყო, რადგან ყველას კარგად ესმის, რომ საქართველოს პროკურატურის პირობებში დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება შეუძლებელია - რადგან, პრეზიდენტის ინსტიტუტის გარდა, ყველა სხვა სახელმწიფო ინსტიტუტი მიტაცებულია და ბიძინა ივანიშვილის ტოტალური კონტროლის ქვეშაა. ამიტომ, გამოძიება მხოლოდ საერთაშორისო აქტორების ჩართულობით შეიძლება, რომ ჩატარდეს. ამ შემთხვევაში, ყველაზე მიზანშეწონილი სწორედ ევროკავშირის ჩართულობაა". - თქვა ბოკუჩავამ.
კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი, ნიკა გვარამია კი ამბობს, რომ ისინი დასავლელ პარტნიორებს არჩევნების გაყალბების კონკრეტულ მტკიცებულებებს მალე მიაწვდიან.
"ელჩთან შეხვედრიდან გავიგეთ, რომ ევროპული საზოგადოება სრულად ინფორმირებულია. ასევე, ჩვენგან [არჩევნების გაყალბების ფაქტებზე] დოკუმენტების წარდგენას ელოდება, რომელიც უკვე არსებობს და მალე გავაგზავნით.". - განაცხადა გვარამიამ.