არჩევნები 2024

ქურდოვანიძე: ცესკოს იურისტები ამტკიცებენ, რომ ხუჭუა არ იყო უფლებამოსილი, საქმე განეხილა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ არჩევნებზე ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებული საქმის განხილვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დასრულებული აქვს, თუმცა გადაწყვეტილებას არ აცხადებს. ამასთან, თბილისში მიმდინარე სხდომაზე ცესკოს იურიდიული დეპარტამენტების წარმომადგენლებმა დააყენეს საკითხი, რომლის მიხედვითაც მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა, რომელმაც თეთრიწყაროში საიას სარჩელი დააკმაყოფილა და ფარულობის დარღვევა დაადასტურა, არ იყო უფლებამოსილი, განეხილა აღნიშნული საქმე. 

"სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა ფარულობის უფლების დარღვევაზე გრძელდება.

საყურადღებოა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გუშინ გამართულ სხდომაზე უკვე დასრულებული აქვს საქმის განხილვა, თუმცა, გადაწყვეტილებას არ აცხადებს. ბოლო მონაცემებით, 18:00 საათზე უნდა გამოეცხადებინა, თუმცა, არ აცხადებს. სავარაუდოდ, ელოდებიან რას გადაწყვეტს თბილისის სააპელაციო სასამართლო.

რაც შეეხება თბილისში მიმდინარე სხდომას. აღმოსავლეთ საქართველოს ყველა ოლქი წარმოდგენილია ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის მიერ.

სხდომის დასაწყისში, ცესკოს იურისტებმა თეთრიწყაროში საიას მიერ მოგებული საქმის გაბათილების მიზნით პროცედურების დარღვევით დააყენეს საკითხი, რომ თეთრიწყაროს მოსამართლე არ იყო უფლებამოსილი განეხილა ეს საქმე, რადგან მისი ცოლი facebook-ზე კრიტიკულ პოსტებს წერს. ცოლის მიერ გაკეთებული განცხადებები არ შეიძლება მოსამართლის აცილების საფუძველი იყოს. გარდა შინაარსობრივი დაუსაბუთებლობისა, პროცედურულადაც არასწორია ამ საკითხის სააპელაციო სასამართლოში დაყენება, რადგან მათ მოსამართლის აცილება პირველი ინსტანციის სასამართლოში არ დაუყენებიათ". - წერს ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში. 

ქურდოვანიძე ასევე წერს ხუჭუას მიერ სასამართლო სხდომაზე ჩატარებული ექსპერიმენტის შესახებ, რომლის დროსაც, საიას განცხადებით, მოსამართლემ თავად ჩაატარა შემოწმების პროცესი და ხმის მთვლელ აპარატში ბიულეტენის მოთავსებისას ფარულობის დარღვევის აშკარა ფაქტი დააფიქსირა. ქურდოვანიძის თქმით, სასამართლო განსაკუთრებული მონდომებით ეცადა, რომ "ექსპერიმენტი ხელოვნური შეზღუდვებით ჩაეტარებინა". 

"ეს კარგად იცის ცესკოს იურიდიულმა დეპარტამენტმა, თუმცა, ამ სისულელის დაყენება მათ დასჭირდათ იმისთვის, რომ სააპელაციო სასამართლოსთვის მიეცათ სამართლებრივი ბერკეტი, ეთქვა, რომ რადგან მხარე მოსამართლის ობიექტურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, მის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტიც ხელახლა უნდა ჩატარდეს.

სასამართლო განსაკუთრებული მონდომებით ეცადა, რომ ექსპერიმენტი ხელოვნური შეზღუდვებით ჩაეტარებინა და ჩაატარებინა ცესკოს დახელოვნებულ სპეციალისტებს, ანუ იმ ხალხს, ვინც სხვას ასწავლის ბიულეტენის აპარატში მოთავსებას. გარდა ამისა, მან ბიულეტენი მოათავსა ყუთში იმგვარად, რაც აცდენილი იყო იმ სწავლებასთან, რასაც ცესკო არჩევნებამდე იყენებდა.

ამის შემდგომ, ერთ-ერთმა მოსამართლემ შეაცურა ბიულეტენი და ყველამ, მათ შორის, დიმიტრი გვიტიშვილმაც დაინახა, რომ მასზე ჩანდა გაფერადებული წრე. თუმცა, ის ამას არ აღიარებს.

სხდომა გრძელდება". - წერს ქურდოვანიძე. 

ცნობისთვის, 4 ნოემბერს თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საიას სარჩელი დააკმაყოფილა და ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა.

30 ოქტომბერს გავრცელებული განცხადების თანახმად, საია ყველა იმ უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვდა, სადაც არჩევნები ელექტრონულად ჩატარდა. ორგანიზაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე ამბობდა, რომ ხმის ფარულობის პრინციპი მასობრივად დაირღვა. საიას საჩივრების განხილვა საოლქო საარჩევნო კომისიებში 31 ოქტომბერს, 18:00 საათიდან დაიწყო. პროცესი კი სასამართლოში გაგრძელდა.

3 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საიას სარჩელი არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა - დაეთვალიერებინა შემთხვევითი შერჩევით უბნების დალუქული ბიულეტენები და საქმეში მესამე პირად ჩაერთო ცესკო.

კომენტარები