არჩევნები 2024

ზახაროვას თქმით, ტუნბერგის ჩამოსვლა დასავლეთის მიერ საშინაო პოლიტიკაში ჩარევას ადასტურებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა საქართველოში 4 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე შვედი აქტივისტის, გრეტა ტუნბერგის დასწრებას გამოეხმაურა. ზახაროვას თქმით, ამ გზით დასავლეთმა "თვითონვე გამოააშკარავა, თუ როგორ ერევა" საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში. 

"სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, თუ როგორ გამოააშკარავა დასავლეთმა თავისივე მტკივნეული ჩარევა სუვერენული და დამოუკიდებელი საქართველოს [პოლიტიკურ პროცესებში]". - რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული გამოცემა TACC-ის ცნობით, აღნიშნა ზახაროვამ ტუნბერგის საქართველოში ჩამოსვლაზე საუბრისას. 

ზახაროვას თქმით, ადამიანის უფლებებზე მოლაპარაკე დასავლეთი "უეცრად 180 გრადუსით შემოტრიალდა, როდესაც თბილისმა და სრულიად საქართველოს ხალხმა განაცხადა, რომ მათ თავიანთი ღირებულებების დაცვა სურდათ". 

"დასავლეთმა საფრთხე დაინახა, როდესაც რომელიღაც ქვეყანამ გადაწყვიტა საკუთარი გზით ევლო და დაეცვა საკუთარი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. ეს, საბოლოოდ, საქართველოში დასავლეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული პროცესების წინააღმდეგ მოქმედებით დაგვირგვინდა". - განაცხადა კრემლის პროპაგანდისტმა. 

21 წლის შვედი ეკოაქტივისტი, გრეტა ტუნბერგი თბილისში 4 ნოემბერს საპროტესტო აქციას შეუერთდა. 

კომენტარები