საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე Facebook-ზე წერს, რომ ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით მათი საჩივრების განხილვის განრიგები მოულოდნელად შეიცვალა. ამასთან, ქურდოვანიძის თქმით, საქმეები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სხვადასხვა მოსამართლეებს უნდა განეხილათ, თუმცა, სასამართლოში შესული ყველა საჩივარი ერთ საქმედ გაერთიანდა.
"ფარულობის დარღვევის საქმეების განხილვის განრიგი მოულოდნელად შეიცვალა.
დღეს ჩანიშნული სხდომები გვქონდა როგორც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, ასევე - თბილისის სააპელაციო სასამართლოში. გუშინ ეს საქმეები სხვადასხვა მოსამართლეებს და შესაბამისად, სხვადასხვა შემადგენლობებს დაეწერათ. დღეს, პროცესების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, გვითხრეს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შესული ყველა საჩივარი ერთ საქმედ გაერთიანდება.
თუ ეს საქმეები ცალ-ცალკე დარჩებოდა, მათი განხილვა მოსამართლეთა სხვადასხვა შემადგენლობებს მოუწევდათ, ალბათობა, რომ რომელიმე განსხვავებულ აზრს დაწერდა ან თეთრიწყაროს პრეცედენტს გაიზიარებდა, ასეთ ვითარებაში მეტი იყო.
როგორც ჩანს, თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, სასამართლოს მენეჯმენტი სხვაგვარად დალაგდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაერთიანებული საქმე 16:00 საათზე დაიწყება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოსგან ჯერ ველოდებით ინფორმაციის დადასტურებას, ერთიანდება თუ არა აღმოსავლეთ საქართველოს ყველა საარჩევნო დავაც ერთ საქმედ". - წერს ქურდოვანიძე.
გუშინ, 4 ნოემბერს თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საიას სარჩელი დააკმაყოფილა და ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა.
30 ოქტომბერს გავრცელებული განცხადების თანახმად, საია ყველა იმ უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვდა, სადაც არჩევნები ელექტრონულად ჩატარდა. ორგანიზაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე ამბობდა, რომ ხმის ფარულობის პრინციპი მასობრივად დაირღვა. საიას საჩივრების განხილვა საოლქო საარჩევნო კომისიებში 31 ოქტომბერს, 18:00 საათიდან დაიწყო. პროცესი კი სასამართლოში გაგრძელდა.
3 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საიას სარჩელი არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა - დაეთვალიერებინა შემთხვევითი შერჩევით უბნების დალუქული ბიულეტენები და საქმეში მესამე პირად ჩაერთო ცესკო.





