ირანი

ირანში დააკავეს სტუდენტი, რომელმაც მკაცრი დრესკოდის პროტესტის ნიშნად ტანსაცმელი გაიხადა

ირანში სტუდენტი მას შემდეგ დააკავეს, რაც მან ჩაცმულობის მკაცრი კოდექსის წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ტანსაცმელი გაიხადა. Amnesty Iran-ის ინფორმაციით, ქალმა პროტესტის ამ ფორმას მას შემდეგ მიმართა, რაც ირანის "მორალის პოლიციამ" მას ჰიჯაბის "არასწორად ტარების" გამო ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

Amnesty Iran სტუდენტის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას მოითხოვს.

უფლებადამცველი ორგანიზაცია ქალის "წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობისგან" დაცვას მოითხოვს. ორგანიზაციის თქმით, "დაკავების დროს ქალის ცემისა და მასზე სექსუალური ძალადობის ბრალდებები მიუკერძოებელ და დამოუკიდებელ გამოძიებას მოითხოვს".

სოციალურ მედია X-ზე გავრცელდა ვიდეობი, რომელიც სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა თეირანში, აზადის ისლამური უნივერსიტეტის კამპუსიდან გადაიღეს. ვიდეოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ინტერნეტ სივრცეში ქალს მისი "გაბედულობისა" და "გამბედაობისთვის" აქებენ.

ვიდეოში ჩანს, თუ როგორ იტაცებს სტუდენტს მორალის პოლიცია პროტესტის შემდეგ. დამატებითი ინფორმაცია დაკავებული ქალის ვინაობის შესახებ არ გავრცელებულა.

დაუზუსტებელი საინფორმაციო წყაროს ცნობით, ქალი სადაზვერვო აგენტებმა უცნობ ადგილას გადაიყვანეს.

უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორის, საიდ ამირ მაჰჯუბის თქმით, უსაფრთხოების თანამშრომლებმა სტუდენტი პოლიციას გადასცეს. მაჰჯუბმა ასევე დაამატა, რომ წინასწარი გამოძიების მიხედვით, ქალს, სავარაუდოდ, ფსიქოლოგიური აშლილობა აქვს და ის მძიმე სტრესის ქვეშ იმყოფება.

უნივერსიტეტთან დაკავშირებული ადგილობრივი გაზეთი იტყობინება, რომ სტუდენტი ფსიქიატრიულ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

კომენტარები