გახარია - საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერის, ბექა ლილუაშვილის თქმით, არჩევნების სისტემური გაყალბების პირობებში მნიშვნელოვნად გაუარესდა ეკონომიკური პრესპექტივები, მათ შორის, ხელოვნურადაა დაჭერილი ლარის კურსი ქვეყნის რეზერვების არარაციონალური ხარჯვის გზით.
"ლარის კურსი, პოლიტიკური დაკვეთით ხელოვნურადაა დაჭერილი ქვეყნის რეზერვების არარაციონალური ხარჯვის გზით, რაც მხოლოდ საარჩევნო კვირაში, ქვეყანას 100 მლნ. დოლარი დაუჯდა, ხოლო მთლიანად ოქტომბერში იმაზე მეტი რესურსი დაიხარჯა, ვიდრე მთელი 2023 წლის განმავლობაში.
დღეისთვის, ლარის კურსის გაუფასურების გადავადებისთვის რეზერვები ნორმაზე 2-ჯერ ნაკლებია, რაც 2-ჯერ უფრო მოწყვლადს ხდის ქვეყნის საფინანსო სექტორს.
არჩევნების გაყალბების შედეგად, ქართული ოცნების მცდელობა, გაიხანგრძლივოს ხელისუფლება, ქმნის არამარტო ლარის კურსის, არამედ ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური იზოლაციის საფრთხესაც. შეგახსენებთ, რომ ოცნების უგუნური პოლიტიკის შედეგად შვედეთის, კანადის, დიდი ბრიიტანეთის, გერმანიის, ევროკავშირის, აშშ-ს მხრიდან 300 მლნ. დოლარამდე ფინანსური დახმარების შეჩერება მოყვა. მანამდე კი, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის ხელყოფის შედეგად, შეჩერდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა და მხარდაჭერა 280 მლნ. დოლარის მოცულობით" - თქვა ლილუაშვილმა.
მხოლოდ ოქტომბრის თვეში, ეროვნულმა ბანკმა ოთხი სავალუტო აუქციონი გამართა და 213.4 მილიონი დოლარი გაყიდა.
8 ოქტომბერს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე გასაყიდად 60 მლნ. აშშ დოლარი გაიტანა, საიდანაც 48 500 000 აშშ დოლარი გაიყიდა. მაშინ სებ-მა თქვა, რომ "ვალუტაზე ჭარბი მოთხოვნის დაფიქსირებამ ლარის გაცვლით კურსზე დამატებითი წნეხი შექმნა, რაც ძირითადად გამოწვეული იყო ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციებით, კონკრეტულად, დივიდენდების გეგმიური გაცემის გამო". მათი განცხადებით, არსებული წნეხის შემსუბუქების მიზნით, სავალუტო ინტერვენციის გადაწყვეტილება მიიღეს.
16 ოქტომბერს სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა გასაყიდად 70 მლნ. აშშ დოლარი გაიტანა. აუქციონზე გაიყიდა 64 900 000 აშშ დოლარი. სებ-ის განცხადებით, "სავალუტო ბაზარზე გრძელდება ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციებიდან მომდინარე ეფექტი, რაც ლარის გაცვლით კურსზე ახდენს გავლენას". ეროვნული ბანკი წერდა, რომ სავალუტო აუქციონის გამართვის გადაწყვეტილება "ჭარბი მერყეობის თავიდან არიდების მიზნით" მიიღეს.
23 ოქტომბერს გამართულ სავალუტო აუქციონზე სებ-მა 60 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ეროვნული ბანკი წერს, რომ სავალუტო აუქციონის გამართვის გადაწყვეტილება "არაფუნდამენტური ფაქტორების ჭარბი გავლენისა და სავალუტო ბაზარზე წინასაარჩევნო პერიოდისთვის ტრადიციულად დამახასიათებელი აჟიოტაჟის პრევენციის მიზნით მიიღო". სებ-ის შეფასებით, "ეს თავის მხრივ, აგვარიდებს ფასებსა და ფინანსურ სტაბილურობაზე უარყოფით გავლენას და ხელს შეუწყობს სავალუტო ბაზრის სტაბილიზაციას".
25 ოქტომბერს კი, ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე კიდევ 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. სებ-ს მიზეზები არ განუმარტავს, თუმცა, აუქციონის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გაავრცელა, რაც ლარის ვაჭრობის შემდეგ გახდა ცნობილი - ეროვნული ვალუტა 25 ოქტომბერსაც გაუფასურდა.