2024 წლის 16 ოქტომბერს გამართულ სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა გასაყიდად 70 მლნ. აშშ დოლარი გაიტანა. აუქციონზე გაიყიდა 64 900 000 აშშ დოლარი. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7139 შეადგინა.
"სავალუტო ბაზარზე გრძელდება ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციებიდან მომდინარე ეფექტი, რაც ლარის გაცვლით კურსზე ახდენს გავლენას. ჭარბი მერყეობის თავიდან არიდების მიზნით, დღეს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონის გამართვის გადაწყვეტილება მიიღო.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ბოლო პერიოდში სავალუტო ბაზარზე დაფიქსირებული რყევები მაკროეკონომიკურ ფაქტორებს არ უკავშირდება და შესაბამისად, ასეთი მერყეობები მოკლევადიანია.
შეგახსენებთ, რომ მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები ქვეყანაში კვლავ ძლიერია - ბოლო სამი წლის განმავლობაში ფიქსირდება მაღალი ეკონომიკური ზრდა, 2023 წლიდან მოყოლებული ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე დაბალია. წინასწარი მონაცემებით, სექტემბერში საქონლის ექსპორტი 17%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 4.1%-ით შემცირდა, ამასთანავე, საგარეო სავალუტო შემოდინებები ძლიერია, რაც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მდგრად დონეზე შენარჩუნებას უწყობს ხელს" - აცხადებს ეროვნული ბანკი.
რუსული კანონის მიღების შემდეგ სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა რეზერვებიდან ჯამში 282 100 000 აშშ დოლარი გაყიდა. აქედან 48.5 მილიონი დოლარი რამდენიმე დღის წინ, 8 ოქტომბერს.





