არჩევნები 2024

ენმ ექსპერტიზისთვის ცესკოსგან გამოყენებული ბიულეტენის ნიმუშის გადაცემას ითხოვს

ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა ცესკოს სთხოვს, ექსპერტიზისთვის იმ ბიულეტენის ნიმუში გადასცეს, რომელზეც ხმა უკვე მიცემულია. ამის შესახებ თამარ კორძაიამ განაცხადა. 

"ერთიანობა-ნაციონალურმა მოძრაობამ ცესკოში მთელი საქართველოს ყველა უბნის შედეგი გაასაჩივრა. გვაქვს კადრები, სადაც ჩანს, რომ არჩევნებამდე ქართული ოცნების კომისიის წევრები თავიანთ ამომრჩევლებს ხმის მიცემის პროცესში ამეცადინებენ და ეუბნებიან, რომ მეორე მხარეს აუცილებლად გამოჩნდება, რა არჩევანი გააკეთეს. გუშინ გადათვლილი ყველა ბიულეტენის უკანა მხარეს ჩანს, ვის მისცა ხმა ამომრჩეველმა. ეს არის ადამიანის თავისუფალი არჩევანის გაკეთების უფლების შელახვა [...]

ამ სახით ზემოქმედებასა და გაყალბებას ტოტალური ხასიათი ჰქონდა, რაზეც პერსონალური პასუხისმგებლობა ცესკოს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს ეკისრება. კატეგორიულად მოვითხოვთ, იმ ბიულეტენის ნიმუში გადმოგვცენ, რომელზეც ხმა უკვე მიცემულია, იმისთვის, რომ ექსპერტიზა ჩავატაროთ, ის ხელშეკრულებით დადგენილ სტანდარტს რამდენად შეესაბამება. ჩვენ ამას დამოუკიდებელ ექსპერტიზას ჩავუტარებთ და შევამოწმებთ". - თქვა კორძაიამ.

კორძაია ცესკოსგან ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრების გადაცემასაც ითხოვს.

"აუცილებელია, პოლიტიკური პარტიების მიერ შექმნილ ჯგუფს გადმოეცეს ვერიფიკაციის დამადასტურებელი ის ქვითრები, რომლებიც შენახული და დალუქულია იმიტომ, რომ ეს ფიზიკური მტკიცებულებაა, რომლის გადამოწმებითაც რეალური დარღვევების დადასტურებაა შესაძლებელი". - განაცხადა კორძაიამ.

კორძაიას თქმით, მათ ცესკოში ისიც გაასაჩივრეს, რომ მარკირებას ამომრჩევლებს მასობრივად არ უკეთებდნენ. 

კომენტარები