არჩევნები 2024

ჩვენს წარმომადგენელს, მარიამ დოლიძეს თავს დაესხნენ, გადაყვანილია კლინიკაში – ენმ

მთავარი არხი 

ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ცნობით, ისნის ოლქში, მე-9 საარჩევნო უბანთან, მმართველი პარტიის ტიტუშკები ენმ-ს წარმომადგენელს, მარიამ დოლიძეს თავს დაესხნენ, გადაყვანილია კლინიკაში, აქვს დაზიანებები მუცლისა და თავის არეში.

"ისნის ოლქში, მე-9 საარჩევნო უბანთან, ოცნების ტიტუშკები "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს, მარიამ დოლიძეს თავს დაესხნენ.

მარიამის თქმით, თავდამსხმელები იმყოფებოდნენ არაფხიზელ მდგომარეობაში, აწყობდნენ პროვოკაციებს. მას შემდეგ კი, რაც მარიამმა კანონის მითითებით ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა - ფიზიკურად გაუსწორდნენ ჩვენს წარმომადგენელს.

მარიამი საავადმყოფოშია გადაყვანილი, აქვს დაზიანებები მუცლისა და თავის არეში.

ეს ჩვენს წარმომადგენლებზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის, მთელი დღეა, წაგების აგონიაში მყოფი ივანიშვილის ტიტუშკები ფიზიკურად უსწორდებიან "ერთიანობის" წევრებს. ''ქართული ოცნება'' მარცხდება! ძალადობის ყველა ფაქტი იქნება გამოძიებული! მოდი არჩევნებზე და დაასრულე ძალადობა!" - წერს ენმ.

მსახიობი ნატალია ყიფშიძე სოციალურ ქსელში პოსტს და ვიდეოებს ავრცელებს, სადაც აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ამბობს, რომ აგრესიული კაცები უბანთან ახლოს არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ყიფშიძის თქმით, ენმ-ს წარმომადგენელს ერთ-ერთმა მათგანმა თავში ბოთლი ჩაარტყა, რამდენიმე საათის შემდეგ კი დოლიძე ქუჩაში ნაცემი იპოვეს.

"ბიჭი შემოვიდა, ხმა მისცა და ცესკოს წევრს შეურაცხყოფა მიაყენა. გარეთ რომ გავედით, იყო ძალიან დიდი დაპირისპირება. იქ იყო ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, მარიამი, რომელიც ვიდეოს იღებდა თუ ლაივში იყო, მას ეცა ერთ-ერთი კაცი და ბოთლი დაარტყა, ეს გაუშვა ტვ პირველმა, შემდეგ ორი საათი იყო სიწყნარე, ისევ რომ გავედით გარეთ, 25-მდე მამაკაცი იყო, რომელიც არაყს სვამდა. [...] ამის შემდეგ, ეს გოგო იპოვეს ქუჩაში, არ ვიცი ზუსტად რა დაემართა, მაგრამ ნაცემი იპოვეს". - ამბობს ყიფშიძე.

კომენტარები