პარტია გახარია-საქართველოსთვის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა მეტროში, მასზე განხორციელებული თავდასხმის დეტალებზე ისაუბრა. გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ მას თავს ნასვამი პირები დაესხნენ, რომელთა ნაწილს ხელში ქართული ოცნების დროშები ეჭირა.
"მეტროთი ერთ-ერთ ტელევიზიაში მივდიოდი [...] ჩემი მისამართით ვიღაც ადამიანების ხმა გავიგე, რაღაცებს იძახდნენ. მერე მივტრიალდი და ერთ-ერთმა მითხრა, ვერ მიცანიო? მას საერთოდ არ ვიცნობ. ცოტა ახლოს მივედი. ყველა არასასიამოვნოდ გამოიყურებოდა. ალკოჰოლის მძაფრი სუნიც ასდიოდათ. ჩვეულებრივი შპანა იყო [...] შემდეგ, ერთ-ერთმა მათგანმა ჩემი ოჯახის წევრის მიმართ რაღაც შეურაცხმყოფელი თქვა და ყველაფერი ამას მოჰყვა [...] თავიდან მეგონა, 10 კაცი იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი იყვნენ. რაც შევძელი, ამ პირების თავდასხმას მაქსიმალურად ვიგერიებდი. არც მე დამიკლია და არც მომავალში დავაკლებ.
ამ ადამიანების ვინაობას აუცილებლად დავადგენ და ისინი პასუხს აგებენ. ამ ქალაქში მე ეს პირები ვერ დამემალებიან [...] ეს პირადად ბიძინა ივანიშვილის შპანაა. ეს კაცი აქამდე დავიდა და ასეთი ადამიანები გაათამამა, ზედ რომ არ შეხედავ. ეს ხალხი მშიშარაა. ალბათ, ინდივიდუალურად სოროდან ვერ გამოიყვან, მაგრამ ნასვამები იყვნენ და თავიანთი ჭკუით, რაღაც გამბედაობა ჰქონდათ. ბევრი იყვნენ და ჰგონიათ, რაღაცას წარმოადგენენ. არადა, ჩვეულებრივი ზონდერები არიან [...] ხელში [ქართული ოცნების] დროშები ეჭირათ და ამას მეტი დამტკიცება რაში სჭირდება". - თქვა გოგიჩაიშვილმა ფორმულასთან საუბარში.
პარტიის პრესსამსახურში ტაბულას უთხრეს, რომ ბიძინა ივანიშვილის მუქარის შემდეგ, ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ თავდასხმა სწორედ მის მიერ არის ორგანიზებული. ისინი ამას ლევან გოჩაიშვილის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებენ.





