არჩევნები 2024

ვინ აკვირდება არჩევნებს

არჩევნები 2024

ვინ აკვირდება არჩევნებს

26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. პარალელურად, სამტრედიისა და ჩოხატაურის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში საკრებულოს შუალედური არჩევნებიც ჩატარდება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამომრჩევლებს საერთო ჯამში 3 111 საარჩევნო უბანი მოემსახურება, მათგან, საქართველოში გახსნილია 3 044 უბანი, მათ შორის 13 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბნები, საიდანაც 12 პენიტენციურ დაწესებულებებში, 1 კი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრშია გახსნილი. რაც შეეხება საზღვარგარეთ შექმნილ უბნებს - 42 ქვეყნის 53 ქალაქში შექმნილია 67 საარჩევნო უბანი.

26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ია. მათგან 3 113 747 ხმას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მისცემს. წელს პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 135 922 ახალგაზრდას. გადასატანი ყუთის მოთხოვნით კი საარჩევნო ადმინისტრაციას 64 238 ამომრჩეველმა მომართა. სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების სპეციალურ სიებში ამომრჩეველთა რაოდენობა 95 910-ია.

ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, არჩევნებს სულ 102 ადგილობრივი და 64 საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება (განახლება: ცესკოს საბოლოო მონაცემებით, არჩევნებს 76 საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება).

ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები

  • სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრი;
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება;
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი;
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო;
  • საქართველოს ევროპული ორბიტა;
  • თავისუფლების ინსტიტუტი;
  • ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება;
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი;
  • დემოკრატიისა და მონიტორინგის ცენტრი;
  • ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის და ა.შ.

საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, 48 ადგილობრივი ორგანიზაცია დააკვირდება საკრებულოს შუალედურ არჩევნებსაც.

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია ჩემი ხმის დამფუძნებლის, ლონდა თოლორაიას თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის დამკვირვებლად 4 200 ადამიანი დარეგისტრირდა. 

"ჩვენ დავასრულეთ დამკვირვებელთა რეგისტრაცია, სულ დარეგისტრირდა 4 200 დამკვირვებელი. ჩავატარეთ 50-მდე ტრენინგი და ტრენინგების ჩატარება გრძელდება. ჩვენი დამკვირვებლები და მობილური ჯგუფები არჩევნებს დააკვირდებიან ყველა ოლქში. ჩვენ ასევე კოორდინირებულები ვართ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან, რათა ერთობლივად უზრუნველვყოთ თითოეული მოქალაქის ხმის დაცვა" - თქვა თოლორაიამ.

საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები

  • საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI);
  • საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI);
  • ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა (OSCE PA);
  • ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR);
  • ნატოს საპარლამენტო ასამბლეა (NATO PA);
  • არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა ევროპული ქსელი (ENEMO);
  • ევროპის დიალოგისა და დემოკრატიის ასოციაცია (EDDA);
  • ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა;
  • საერთაშორისო პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის (IPHR);
  • საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES);
  • საპარლამენტო სწავლების საერთაშორისო ცენტრი (ICPS);
  • შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეა (PABSEC);
  • ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისათვის;
  • ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეა - ვანაძორი;
  • აშშ-ს საარჩევნო ხელშეწყობის კომისია;
  • ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში;
  • ბრიტანეთის საელჩო საქართველოში;
  • ლატვიის საელჩო საქართველოში;
  • ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში;
  • ესტონეთის რესპუბლიკის საელჩო თბილისში;
  • ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ დღეს, 21 ოქტომბერს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისია დაიწყო NDI-მ. ორგანიზაციის ინფორმაციით, დელეგაცია 22 პოლიტიკური და სამოქალაქო ლიდერის, საარჩევნო ექსპერტისა და რეგიონის სპეციალისტისგან შედგება, რომლებიც ცხრა სხვადასხვა ქვეყნიდან არიან. დელეგაციის წევრები ექვს თემატურ გრძელვადიან ანალიტიკოსს შეუერთდებიან, რომლებმაც საქართველოში წინასაარჩევნო გარემოზე დაკვირვება ივლისში დაიწყეს. დელეგაციას გაუძღვებიან ტომ მალინოვსკი, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი კონგრესმენი და სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და შრომის მიმართულებით; პერ ეკლუნდი, ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი საქართველოში; და დოქტორი თამარა კოფმან ვიტესი, NDI-ის პრეზიდენტი.

"ეს პირველი არჩევნებია, მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი გააკეთა. ეს საქართველოს მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას, გადაწყვიტონ თავიანთი ქვეყნის გეზი. ამავდროულად, ეს არის შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებისა და ყველა პოლიტიკური აქტორისთვის, დემოკრატიული პროცედურების და ღირებულებების მიმართ ერთგულება დაამტკიცონ". - თქვა მალინოვსკიმ.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვედრებს გამართავს სხვადასხვა აქტორებთან, მათ შორის, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან, ადგილობრივ დამკვირვებლებთან და პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელებთან. დელეგაცია არჩევნების დაკვირვებისას განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ საკითხებზე: საარჩევნო ადმინისტრაცია, კანონმდებლობა, საინფორმაციო და მედია-გარემო, პოლიტიკური კლიმატი და საარჩევნო კამპანიების გარემო, ასევე, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ინკლუზია საარჩევნო პროცესებში, როგორც კანდიდატებთან, ასევე ამომრჩევლებთან მიმართებაში.

არჩევნების დღეს, საარჩევნო მისია საქართველოს ცხრა რეგიონისა და თბილისის საარჩევნო უბნებში კენჭისყრის დღის პროცესების ადმინისტრირებას, მათ შორის უბნების გახსნის, ხმის მიცემის, ხმის დათვლის, გადაცემისა და შედეგების გამოქვეყნების პროცესს დააკვირდება. არჩევნების შემდეგ, მისია წარადგენს წინასწარ ანგარიშს მიგნებებითა და რეკომენდაციებით.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას სულ 18 სუბიექტი იღებს: 18 პარტია, რომელიც ბიულეტენში დაგხვდებათ და მათი საარჩევნო სიები

კომენტარები