საარჩევნოდ ხმების დასაცავად მოქალაქეებისა და აქტივისტების მიერ შექმნილი პლატფორმა 26 თბილისიდან რეგიონების მიმართულებით ტრანსპორტირების პრობლემის მქონე მოქალაქეებს უფასო ტრანსპორტს სთავაზობს.
განაცხადის ფორმის შევსების შემდეგ პლატფორმა მოქალაქეებს 25 და 26 ოქტომბერს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ტრანსპორტირებაში დაეხმარება, იმ შემთხვევაში თუკი მათი საარჩევნო უბანი ამჟამინდელი ადგილსამყოფელიდან 150 კმ ან მეტ მანძილზე მდებარეობს.
"ამ ფორმის შევსება დაგვეხმარება იმ ამომრჩევლების იდენტიფიცირებაში, ვისაც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირება სჭირდება. გთხოვთ, ფორმა შეავსოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი საარჩევნო უბანი მდებარეობს თქვენი ამჟამინდელი ადგილსამყოფელიდან 150კმ ან მეტ მანძილზე. თქვენი მონაწილეობა დაგვეხმარება უზრუნველვყოთ, რომ ყველა მოქალაქეს ჰქონდეს საშუალება მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, მიუხედავად მათი ადგილმდებარეობისა". - ნათქვამია ფორმის აღწერაში.
10 ოქტომბერს მოქალაქეებმა და აქტივისტებმა საარჩევნოდ ამომრჩეველთა ხმების დასაცავად პლატფორმა 26 შექმნეს, რომლის მთავარი ამოცანაც ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობის ხელშესაწყობად ფინანსური რესურსის მობილიზება დაასახელეს.
პლატფორმა 26-ში გაერთიანდნენ პლატფორმა გამიყოლე არჩევნებზე, პლატფორმა წინაპრები, პლატფორმა მედგიდი, არასამთავრობო ორგანიზაცია ერთი მოქალაქე, ერთი არჩევანი და პლატფორმა ემგიდი.





